ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ბურჯანაძემ მედიასთან შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაგრძელება. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმების საკითხი.
„ახლა უფრო აქტუალური ხდება ეს საკითხი, იმიტომ, რომ დრო იწურება. უახლოეს ხანებში იქნება კონკრეტული მოლაპარაკებები ამ თემებზე. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე ვფიქრობ, რომ მაჟორიტარებთან დაკავშირებით კოორდინირება მნიშვნელოვანია.
თუმცა არაერთხელ გამისვამს ხაზი იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთმანეთს ანგარიში უნდა გავუწიოთ. რაც მთავარია, საზოგადოებას უნდა გავუწიოთ ანგარიში და ყველა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მაქსიმალური უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ისეთი ადამიანები იყვნენ დასახელებული, რომელთაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა თუ მხარდაჭერას არ უცხადებს, ყოველ შემთხვევაში სერიოზული პრეტენზიები მაინც არ აქვთ მათ მიმართ. ეს მნიშვნელოვანი იქნება. ყველა ოლქთან დაკავშირებით ვერ ვუკარნახებთ ერთანეთს, მაგრამ მთელ რიგ ოლქებში შეთანხმება შესაძლებელია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაიმართა.