საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან ფრენის დაწყებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ საქართველოს და უკრაინის ერთგულები.
„ჯერ თბილისის და ბათუმის აეროპორტები ავაშენეთ გიორგი კარბელაშვილთან ერთად. ალბათ ცოტა ვინმეს თუ ახსოვს ქუთაისის აეროპორტი 2008-ში რუსეთის მიერ 500 კილოგრამიანი ბომბებით დაბომბილი კოპიტნარის მაგივრად რომ ავაშენეთ, ვერა ქობალიას და რამაზ ნიკოლაიშვილის აქტიური დახმარებით. ავიყვანეთ ჰოლანდიური არქიტექტორული კომპანია, ძალიან მეჩქარებოდა, რომ ამათ მოსვლამდე ამეშენებინა და საერთაშორისო სტატუსი მიგვეცა.
უკვე ბევრჯერ ვნანობ ამ აეროპორტების არსებობას, პირველად ქართველების მასობრივად გასვლის გამო და ახლა რუსების შემოსევის ტრაგედიის გამო. ქართველებო, არა მხოლოდ უკრაინელებს არ უნდა ვუღალატოთ, რომელთაც ჩვენთვის არასდროს უღალატიათ, არამედ პირველ რიგში, საქართველოს ერთგულები უნდა დარჩეთ“, – წერს სააკაშვილი.
„საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენისთვის ნებართვის გაცემა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პირდაპირი საბოტაჟია“ – ასე აფასებს 100-ზე მეტი ორგანიზაცია რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენის დაწყებაზე.