„ვნებები არასდროს კმაყოფილდებიან“ - მიტროპოლიტი შიო

პუბლიკა

„…ვნებები არასოდეს კმაყოფილდებიან. რაც უფრო იკმაყოფილებს ადამიანი ვნებებს, მით მეტად გაუმაძღრები ხდებიან ისინი“, – ამის შესახებ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირმა) საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. მანვე განაცხადა, რომ „ვნებები არასდროს კმაყოფილდებიან და მათი დამარცხების ერთადერთი გზა, ისევ მათთან ბრძოლაა“.

„ვნებები, როგორებიცაა – მრისხანება, სიძვა, ნაყროვანება, სევდა, მოწყინება, ვერცხლისმოყვარეობა და სხვა – გაუმაძღრები არიან. ადამიანს ჰგონია, რომ უნდა დაიკმაყოფილოს ეს ვნებები, რათა თითქოს დაიოკოს ისინი, მაგრამ, სინამდვილეში, ვნებები არასოდეს კმაყოფილდებიან. რაც უფრო იკმაყოფილებს ადამიანი ამ ვნებებს, მით მეტად გაუმაძღარი ხდებიან ისინი. სწორედ ამიტომ არის ღორს შედარებული ვნება. ვნებების დამარცხების ერთადერთი გზა არის ამ ვნებებთან ბრძოლა.

ვნებათა შორის უპირველესი არის ამპარტავნება; ყველა ვნება მისგან მომდინარეობს. მართლაც, ამპარტავნებაა, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ მას შეუძლია ღმერთის გარეშე წარმართოს თავისი ცხოვრება, წარმართოს თავისი ოჯახი, თავისი სახელმწიფო და საზოგადო ცხოვრება, რადგან რაც უნდა ინტელექტუალური იყოს ადამიანი, თუ მას აქვს ასეთი კადნიერება და ამპარტავნება, ის მაინც სისულელემდე მიდის“, – განაცხადა მეუფე შიომ.

როგორც მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა, ხშირია შემთხვევა, როცა  ადამიანები აცნობიერებენ, რომ უღმერთოდ, ღვთის კანონების გარეშე იცხოვრეს. მისივე თქმით, ამ ადამიანებს უნდათ ამის გამოსწორება, თუმცა უკვე გვიანია:

„ძალიან ხშირად მოდიან ეკლესიაში მეტ-ნაკლებად ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ უღმერთოდ, ღვთის კანონების გარეშე იცხოვრეს, შედეგად კი დაენგრათ და გაუკოტრდათ მთელი ცხოვრება. მათ უნდათ გამოსწორება, მაგრამ უკვე გვიანია და აღარ იციან, როგორ გამოასწორონ ეს ყველაფრი;

ხვდებიან, რომ მთელი მათი წინა ცხოვრება იყო არასწორი და მცდარი. ჩვენ ამას ვხედავთ ეკლესიაშიც, საერთოდ, ცხოვრებაშიც, ვხედავთ, როგორ გახშირდა აუწყობელი ოჯახური ურთიერთობები, როგორი გაუწვრთნელნი არიან შვილები, როგორ აკლიათ ადამიანებს ბედნიერება და ეს ყველაფერი სწორედ ამ მიზეზის გამო ხდება“, – ამბობს მეუფე შიო.