პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, „იმედის“ ეთერში ნიკა გვარამიას შეწყალებაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება საკმაოდ მძიმედ აისახება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე.
„უდიდესი სინანულით ვსაუბრობ სალომე ზურაბიშვილზე, არა იმიტომ რომ დიდი ენერგია დაიხარჯა მისი პრეზიდენტად არჩევისთვის, არამედ ადამიანი, იმ მონაცემებით, რომელიც მას ჰქონდა თუნდაც განათლების, განვლილი პოლიტიკური გზის, თუნდაც ის, რომ, არის იმ ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ გადაიხვეწა და უცებ რა მივიღეთ?! მივიღეთ ის, რაც ვიხილეთ – 26 მაისს, ვეტოებით“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა „ბრძოლის ველზე დააბრუნა ადამიანი, რომელიც, რომელიც გააგრძელებს ომს იმისათვის, რომ საქართველომ როგორმე არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.“
„მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ მძიმედ აისახება მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე. ზოგადად, საზოგადოებას ეს ვერაფერს დააკლებს, მაგრამ განცდა ამ რაღაც შესაძლო კონსპირაციის, რომ თითქოს შუალედურ შეფასებაში ეწერა, რომ მედია გარემო არის მძიმე და ერთადერთი უარყოფითი შეფასება ეს იყო, იმავე დღეს ასეთი გადაწყვეტილების აუხსნელად მიღება უსამართლობის განცდას ტოვებს საზოგადოების დიდ ნაწილში, იმიტომ, რომ დანაშაული რეალურად ჩადენილია და ასეთი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, რომელმაც ზუსტად იცის, დანაშაული რა არის, იმათმაც ზუსტად იციან, ვინც ჩაიდინა, მაგრამ მიაჩნიათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს რუსთავი 2-ის 7 მილიონით გაძარცვასთან დაკავშირებით. ამ ვითარებაში არც გამოდიხარ, არც ხსნი და საზოგადოებას, პრინციპში, არაფრად მიიჩნევ, მასად, რომელმაც უნდა გაიგოს, უნდა არ გაიგოს.“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.