ვოლსკი: ცუდია, არ მომწონს, არ უნდა ჩამოვიდეს ლავროვის შვილი აქ

პუბლიკა

„ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ. ახლა იგი ვინოკუროვაა, სხვა გვარით არის, ქმრის გვარზეა.

ლავროვის შვილის ქმრის ძმის ქორწილი იყო, როგორ მეუბნებიან და ის საკმაოდ ანტირუსული განცხადებებით არის ცნობილი.“  – ამის შესახებ „ქრონიკაში“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა.

„ლავროვი ერთ-ერთი ლიდერია იმ აგრესორი ქვეყნის, რომელიც ჩვენი ხელმოწერით გაირიცხა ევროპული სტრუქტურებიდან.

ცუდია, არ მომწონს, არ უნდა ჩამოვიდეს ლავროვის შვილი აქ. არ უნდა ჩამოვიდეს პოზნერი და არ უნდა ჩამოვიდეს მიხალკოვი, რომელსაც ეხლა და ქედმოხრით ელაპარაკებოდა სააკაშვილი“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


დღეს „ყვარლის ტბასთან“ აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა საქართველოში ლავროვის შვილის მაზლის ქორწილი და ლავროვის შვილის ყოფნა გააპროტესტეს.

ლავროვის სანქცირებული შვილის საქართველოში ჩამოსვლაზე ინფორმაცია 19 მაისს ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა. მოგვიანებით ინფორმაცია უარყო „ყვარლის ტბის“ სასტუმრომ, თუმცა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მას კომუნიკაცია ჰქონდა შს მინისტრთან და გამოთქვა წუხილი საქართველოში რუსეთის „ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილის“ ყოფნასთან დაკავშირებით .

პრეზიდენტმა დღევანდელ განცხადებაში, ფაქტობრივად, დაადასტურა საქართველოში ლავროვის შვილის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია.

ყვარელში საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, შუშანა მაცაბერიძე, გელა ხასაია, გიორგი გოგიტიძე, დიმა ჩიქოვანი, ტიტე გედენიძე, ნიკა ჩხობაძე, ბექა პაპაშვილი, ლადო ხუსკივაძე და გიორგი ყაველაშვილი.

თელავში დააკავეს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარიაც.

საპროტესტო აქციისას დაკავებული პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულოგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.