პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ სამწუხაროა, როცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განსხვავებას ვერ ხედავს იმ ქვეყანას, სადაც რუსეთმა ბირთვული შეიარაღება განალაგა და საქართველოს შორის, როცა ჩვენს ქვეყანას გადაწყვეტილებები აქვს მიღებული რუსეთის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის თაობაზე.
გიორგი ვოლსკიმ შეაფასა უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე.
„სამწუხაროა, რომ ის განსხვავებას ვერ ხედავს იმ ქვეყანას შორის, სადაც რუსეთმა ბირთვული შეიარაღება განალაგა და ომისთვის ემზადება და იმ ქვეყანას შორის, რომელსაც გადაწყვეტილებები აქვს მიღებული რუსეთის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის თაობაზე და საერთაშორისო ფორუმებიდან რუსეთის გაყვანაზე. თუ აქ განსხვავებას ვერ ახერხებ, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს არის ის მიკერძოებული დამოკიდებულება, რაც მომართულია იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად, ვისაც საქართველოში რევოლუცია სურს ერთადერთი მიზნით, რომ საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, რაც ცოტა ხნის წინ მათმა ლიდერებმა განაცხადეს. არასწორად ლაპარაკობს და არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო, უნამუსოდ უსამართლო! ეს არის რეალობა“, – ამბობს ის.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რუსეთი თავის მეზობელ ქვეყნებს ესხმის თავს და ითრევს განუკითხაობაში, რასაც სხვადასხვა გზით ვხედავთ ბელარუსსა და საქართველოში.
„ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურს რომ რუსეთმა გაანადგუროს ის, უნდა გახდეს ევროკავშირის და NATO-ს სრულუფლებიანი წევრი. თუ არადა, რჩება მხოლოდ 2 ალტერნატივა – ღია საომარი მოქმედებები ან მცოცავი რუსული ოკუპაცია. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში, თუმცა განსხვავებული გზებით, მაგრამ მაინც როგორ ითრევენ ამ ერებს განუკითხაობაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.