გია ვოლსკის თქმით, ეჭვი ეპარება, რომ წერილი თორნიკე რიჟვაძის დაწერილია

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ წევრს, გია ვოლსკის ეჭვი ეპარება, რომ წერილი თორნიკე რიჟვაძის დაწერილია.

ჟურნალისტის კითხვას: „ეჭვი გეპარებათ, რომ წერილი თორნიკე რიჟვაძის დაწერილია?“ – მან ასე უპასუხა: „კი, ეჭვი მეპარება“.

„ეგ არავინ იცის, ვინ რა წერილი დაწერა. მე არც არაფერს უარვყოფ, არც არაფერს ვამტკიცებ. საერთოდ, პოლიტიკოსის საქმე არ არის, გამოიყენოს ეს ვითარება, უბედურება იმისთვის, რომ დივიდენდი მიიღოს. გამოძიება გვაჩვენებს შედეგებს. იქამდე არ მაქვს კომენტარი გარდა იმისა, რომ თორნიკე რიჟვაძეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და მის ოჯახს ვუსურვებ, რომ გვერდით ჰყავდეთ… მედია ვალდებულია, თუკი რამე რეალური ჩაუვარდება ხელში, გამოაქვეყნოს და გამოძიება ვალდებულია, რომ დაადასტუროს არის თუ არა ეს წერილი თორნიკეს დაწერილი. თუ მისი დაწერილია, მაშინ გაარკვიოს, ვინ რას აბრალებდა და საერთოდ რა მოხდა იქ“, – თქვა გია ვოლსკიმ.

7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით კლინიკაში მოათავსეს.

ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დააკავეს და ბრალი წარუდგინეს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს.  პროკურატურა აცხადებს, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობისთვის სწორედ მისი იარაღი გამოიყენა.

გუშინ, 7 ივლისსვე პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა წერილი, რომელიც, მათივე მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა.

წერილის თანახმად, მან ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა.