ვოლსკის თქმით, კულტურის სამინისტრო შესაძლოა, კვლავ ცალკე უწყებად გამოიყოს

პუბლიკა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის ინფორმაციით, შესაძლოა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტრო კვლავ ცალკე უწყებად გამოიყოს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტროს გაყოფის საკითხი განიხილება და „დიდი ალბათობით ასეც მოხდება“.

„მთავრობის დაკომპლექტების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, მაგრამ საკითხი უნდა მივიდეს ბოლომდე. ჩვენ ამ არაჯანსაღ გარემოში არ უნდა მივცეთ არაჯანსაღ ძალებს ვითარების სკანდალურად აგორების საშუალება. მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, თუ არ ჩავთვლით იმ გეგმას, რომელიც შესაძლოა უახლოეს პერიოდში იყოს რეალიზებული – ეს არის კულტურის სამინისტროს გამოყოფა და იუტიციის მინისტრის ვაკანტური პოსტის შევსება“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

მისივე ინფორმაციით, მთავრობაში სხვა ცვლილება დაგეგმილი არ არის.