პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, მთავრობასა და პრეზიდენტის შორის ელჩებთან დაკავშირებული მიმოწერა უნდა გასაჯაროვდეს, რადგან „არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც თავისთვის მუშაობს, რადგან ყველაფერი ეკუთვნის ხალხს მათ შორის ინფორმაცია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„განცხადების ტონი, რომელიც პრეზიდენტმა გამოაქვეყნა. ხისტია, მაგრამ არის რამდენიმე ელჩი, რომელზედაც პრეზიდენტის თანხმობა არ მიუღია საგარეო საქმეთა სამინისტროს.
ამ ამბავს სკანდალს მოწყურებული მედიასივრცე წარმოადგენს, როგორც უბედურებას, მაგრამ ერთი იცოდეთ, რომ დემოკრატიული სამყაროსთვის არაფერს ნიშნავს კონკრეტულ თემაზე ორ საკონსტიტუციო ინსტიტუტს ჰქონდეს განსხვავებული აზრი. თუ საჭირო იქნება მიმოწერის გასაჯაროება ეს ასეც უნდა მოხდეს ვინაიდან სტრუქტურა არ არსებობს, რომელიც თავისთვის მუშაობს, რადგან ყველაფერი ეკუთვნის ხალხს, მათ შორის ინფორმაცია“, – ამბობს გია ვოლსკი.
პრეზიდენტის შეფასებით მთავრობამ პრეზიდენტი ტყუილში დაადანაშაულა და მათი განცხადება, რომ „პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაცია არ ასახავს რეალურ სურათს“ „ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია“.
გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობამ პრეზიდენტს ელჩის თანამდებობაზე 12 პირის დანიშვნის თაობაზე მიმართა და სალომე ზურაბიშვილმა თორმეტივეს დანიშვნას ხელი მოაწერა.
მთავრობის განცხადებით, ეს ინფორმაცია რეალობას არ ასახავს და „პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში, არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი“.