ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, ქმნიან სპეციალურ პლატფორმას, სადაც ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ, გააციფრულონ გრანტის შესახებ ინფორმაცია ისე, რომ პერსონალური ინფორმაცია დაცული იყოს. ამ თემაზე მან „ოცნების“ პარლამენტში ისაუბრა, სადაც საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
კუპრაშვილმა გამოყო „კეთილსინდისიერი ორგანიზაციები“ და თქვა, რომ მათ მონაცემებთან დაკავშირებით იმ ჯიდიტალიზებული ინფორმაციით იხელმძღვანელებენ, რომლებსაც ისინი ბიუროს მიაწვდიან.
„სამომავლოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გრანტების მიღების დროს მონიტორინგის პროცესი განხორციელდეს ისე, რომ ორგანიზაციების საქმიანობას, კეთილსინდისიერი ორგანიზაციების საქმიანობას არ შეექმნას რაიმე დამატებითი დისკომფორტი. ჩვენ ამისთვის ძალიან საინტერესო წინადადება გვაქვს, რაც მომდევნო კვირაში იქნება მიწოდებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ჩვენ ვქმნით სპეციალურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ორგანიზაციას საშუალება ექნება, გააციფრულოს თავისი გრანტის შესახებ ინფორმაცია ისე, რომ ყველანაირი პერსონალური ინფორმაცია იქნება დაცული. და ამ შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიურო ასეთი კეთილსინდისიერი ორგანიზაციის მონაცემებთან მიმართებით იხელმძღვანელებს იმ ჯიდიტალიზებული ინფორმაციით, რომლებსაც ისინი მოგვაწვდიან. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება იმ ფაქტებს, როცა შეფარვით დაიწყებს სხვა რაღაც საქმიანობას“, – თქვა კუპრაშვილმა.
კუპრაშვილის მტკიცებით, იყო „გარკვეული გაურკვევლობა კანონთან დაკავშირებით“. მისი თქმით, ბევრ ორგანიზაციასთან ჰქონდათ ღია კონსულტაციები და მომდევნო კვირაში დაახლოებით 400 ორგანიზაციასთან აქვთ შეხვედრა.
„სწორად შენიშნეთ ის ფაქტი, რომ დღეს ამ კანონს არ ჰყავს ყველა მოწინააღმდეგე. უბრალოდ, იყო გარკვეული გაურკვევლობა კანონთან დაკავშირებით და როცა ჩვენ ფორმატებს ვირჩევთ, უშუალოდ დიალოგის ფორმატებს, ძალიან კარგად ვახდენთ გამორკვევას და არავის არ აქვს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით პრობლემები.
სამწუხაროდ, ქვეყანაში ასეთი ფაქტი დაგვიდგა – ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია არასამთავრობო ორგანიზაციებს, დონორ ორგანიზაციებს, მაგრამ ზუსტად ამ კარგ საქმეებს ამოეფარა დღეს შეფარული საქმიანობა, რასაც ჰქვია პოლიტიკური პარტიების დაფინანსება თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ გარკვეული მოქმედებების განხორციელება.
ზუსტად ამ კანონმა, მათ შორის „გრანტების შესახებ“ კანონმა და მათ შორის FARA-ს კანონმა უზრუნველყო, რომ ეს ფარული საქმიანობა გამოყოს იმ საქმიანობიდან, რაც ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას უკავშირდება“, – თქვა კუპრაშვილმა.
მისი მტკიცებით, „კეთილსინდისიერ ორგანიზაციებს“ მეტი ინტერესი აქვთ, რომ უფრო მეტად იყოს გამჭვირვალე და მოქალაქეებს ჰქონდეთ ცოდნა მათ საქმიანობაზე, ხოლო ამის გაგება არ უნდათ იმ ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობაც „პოლიტიკურ ჭრილშია განხილული“.
„რა თქმა უნდა, ყველა ის დაფინანსება, რომლებიც ამ პოლიტიკურ საქმიანობას ახლავს, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ფიზიკური პირი, ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და FARA-ს კანონის მეშვეობით, უნდა იყოს ინფორმირებული ამ მექანიზმით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ეს არის უმნიშვნელოვანესი. თუ ვინმე შეეწინააღმდეგება იმას, რომ ასეთი სახის ინფორმაცია არ უნდა ჰქონდეთ ჩვენ მოქალაქეებს, ნუ ეს არის სხვა საქმე და მაშინ აქ, რა თქმა უნდა, კანონს აქვს თავისი რეგულაციები და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ღია, გამჭვირვალე პროცესით მოვახდინოთ ყველა ასეთი ფაქტი გამოვლენა“, – თქვა კუპრაშვილმა.
17 ივნისს ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, 5 უფლებადამცველ ორგანიზაციას სასამართლოს ბრძანებები გადაეცათ. არასამთავრობოების განცხადებით, ბიურო მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მოითხოვს. ორგანიზაციების შეფასებით, მოთხოვნა არ ეყრდნობა „სამართლებრივ საფუძვლებს“ და არ აპირებენ სამართლებრივი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, „თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს“. ამის შემდეგ კიდევ 2-მა ორგანიზაციამ „მედიის განვითარების ფონდმა“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ განაცხადა, რომ სასამართლო დადგენილება მათაც მიიღეს.
კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოთხოვნილი ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაცია არ სცდება კანონით დადგენილ ფარგლებს და ემსახურება მხოლოდ გრანტების მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლას.