ვრცელდება დეზინფორმაცია, არსებობს რექტორის არჩევის წესი და არავინ არავის არ ნიშნავს - ჯაბა სამუშია

პუბლიკა

თსუ-ის პროფესორი ჯაბა სამუშია სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას, რომ ის თსუ-ის რექტორად ინიშნება:

„მეგობრებო, მთელი დღე გზაში ვარ და მხოლოდ ეხლა ვნახე ზოგიერთი სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ვითომდა ჩემი რექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით.

არაფერი მსგავსი არ მომხდარა და ეს არის რამდენიმე სააგენტოს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია. გასაგებია რასაც ისახავენ მიზნად, მაგრამ, ამჯერად, ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას.

ვწუხვარ, რომ ბევრმა ეს ინფორმაცია სანდოდ მიიღო. თსუ-ს წესდება არეგულირებს არჩევნების წესს და არავინ არავის არ ნიშნავს. ამასთანავე, დღეისათვის უნივერსიტეტს ჰყავს რექტორი და ახლის არჩევა, მხოლოდ რამდენიმე კვირაში იგეგმება. ყველამ პატივი უნდა ვცეთ თსუ-ს ტრადიციას”, – წერს სამუშია.


რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თსუ-ის ყოფილი რექტორის გიორგი შარვაშიძის შემდეგ თანამდებობას ჯაბა სამუშია დაიკავებს.

დღის განმავლობაში კი ჯაბა სამუშიას facebook-გვერდზე მილოცვებს უწერენ და ახალ პოზიციაზე წარმატებებს უსურვებენ.

საკითხს ასევე გამოეხმაურა თსუ-ის სტუდენტური მოძრაობა. ისინი გავრცელებულ ინფორმაციაზე დაწყრდნობით ამბობენ, რომ ცხადია, „უნივერსიტეტის კლანურ მმართველობას წინასწარ აქვს განსაზღვრული თუ ვინ გახდება რექტორი, მაგრამ სტუდენტები მათ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ”.