ვრცელდება ინტერპრეტირებული ინფორმაცია - ინაშვილი აფხაზეთის სამომავლოდ აღიარების შესახებ

პუბლიკა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, აფხაზეთში გამართულ შეხვედრაზე განხილულ თემებზე საუბარი არ სურს, მაგრამ აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით მისი პოზიცია არასწორი ინტერპრეტაციით ვრცელდება.

„მინდა მკაფიოდ გითხრათ, ეს რომ ასე ყოფილიყო, თქვენ როგორ ფიქრობთ, აფხაზეთში მე არ დამხვდებოდნენ აფხაზი ჟურნალისტები და ჩემგან სიხარულით არ აპირებდნენ კომენტარს?

მე არ მინდა საუბარი იმ დახურულ შეხვედრაზე, იმ დახურული შეხვედრის დეტალებზე, ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ ვრცელდება ინტერპრეტირებული დეზინფორმაცია, იმიტომ რომ აფხაზეთშიც არიან ბოკერიები და სააკაშვილები, რომლებსაც შერიგება არ უნდათ და თბილისშიც არიან და მათ შორის კავშირსაც მე პირადად მკაფიოდ ვხედავ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის წევრებთან დახურული შეხვედრა გამართა. ხოლო როგორც შეხვედრის შემდეგ აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „აარუას“, ე.წ. დეპუტატებმა თქვეს, ასლან ბჟანიამ შეხვედრისას განაცხადა, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მათთან თანამშრომლობისა და სამომავლოდ აღიარებისთვის მზადაა.