ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ უმიზნებს ენზელ მკოიანი პირს იარაღს

პუბლიკა

„ახალციხე ნიუსი“ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, როგორ მისდევს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი მოქალაქეებს. ვიდეოში სხვა შეირაღებული პირებიც ჩანან. ვიდეოში ჩანს, რომ დეპუტატის შეჩერებას პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ, თუმცა მკოიანს პოლიცია ვერ იმორჩილებს. დეპუტატი პოლიციას ყელში სწვდება და იშორებს.

ჩანაწერის მიხედვით ვიდეო 26 მარტით არის დათარიღებული.

„პუბლიკა” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, კადრებთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს და კომენტარს მოგვიანებით გაავრცელენ.

26 მარტს ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა თავის ფეისბუქზე გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელიც მასსა და სამველ პეტროსიანს შორის მომხდარ დაპირისპირებას ასახავს.

ენზელ მკოიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2020 წლის 26 მარტს სამველ პეტროსიანი, რომელიც ამჟამად „პატრიოტთა ალიანსის” წევრია,  კიდევ ერთხელ დაესხა თავს მკოიანის ოჯახს და მისი მოკვლა სცადა.

„სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც მის შვილსა და ჩემს 19 წლის ძმისშვილს, არმენ მკოიანს შორის დაიწყო და რომელსაც საერთოდ არ ვესწრებოდი, მოგვიანებით, ჩემი უშუალო მცდელობით განიმუხტა. მას შემდეგ, რაც კონფლიქტი ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირების გარეშე, ამოწურულად ჩავთვალე და ოჯახის წევრებთან ერთად ტერიტორიის დატოვებას ვაპირებდი, ადგილზე სამველ პეტროსიანი მოვიდა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩემი მოკვლა სცადა. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, პეტროსიანმა ჩემი მიმართულებით სამჯერ დამიზნებით ისროლა და არაერთი თვითმხილველის წინაშე ყვიროდა, რომ ჩემს მოკვლას აპირებდა. ამ ნაამბობს ადასტურებს ჩანაწერები სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან, რომლებიც შს სამინისტროს მიერ უკვე ამოღებულია და საქმის მასალებში დევს.

როდესაც ცეცხლსასროლი იარაღით თავს ესხმი პარლამენტის წევრს და მის მოკვლას ცდილობ, ჰაერში ორი გამაფრთხილებელი გასროლის უფლება, აუცილებელი მოგერიების პირობებში ნამდვილად მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სამველ პეტროსიანმა, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით მის მიერ გასროლილი ტყვიები საკუთარი ხელით გადამალა, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან კარგად ჩანს, რომ მან ოთხჯერ, დამიზნებით მესროლა”, – წერია მკოიანის განცხადებაში.