ვშიშობ, ნიკა მელიას საქმეს დიდი გავლენა ექნება პოლიტიკურ ლანდშაფტზე - ჰარცელი

პუბლიკა

“ვშიშობ, რომ ამ საქმეს ასევე ექნება დიდი გავლენა პოლიტიკურ ლანდშაფტზე და შეუძლებელი იქნება საერთო საფუძვლის, საერთო გადაწყვეტის მოძებნა.”-  ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებულ კითხვას.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკურ ლანდშაფტში ტემპერატურის მკვეთრი მატებაა.

“პირველ რიგში ვიტყოდი, რომ როგორც ყოველთვის, კომენტარს არ გავაკეთებ უშუალოდ სასამართლო საქმეზე, რადგან ეს მიმდინარე საქმეა და მას ყველამ პატივი უნდა სცეს. მე ვიტყოდი, რომ ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკურ ლანდშაფტში ვნახეთ ტემპერატურის მკვეთრი მატება. მე ვხედავ რისკს, რომ დღევანდელი მოვლენებისა და ტრაექტორიის გათვალისწინებით, შესაძლოა, მივდივართ პრობლემის გაღრმავებისკენ. მე ვშიშობ, რომ ამ საქმეს ასევე ექნება დიდი გავლენა პოლიტიკურ ლანდშაფტზე და შეუძლებელი იქნება საერთო საფუძვლის, საერთო გადაწყვეტის მოძებნა“, – განაცხადა ჰარცელმა.

დღეს, 16 საათზე ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს სხდომაა ჩანიშნული. სხდომას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი წაიყვანს. სასამართლო სხდომაზე პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხს დააყენებს.

გუშინ პარლამენტმა ნიკა მელიასთავის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.


ნიკა მელიას საქმე:

12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით – პატიმრობისთვის სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის თაობაზე პარლამენტს მიმართა.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. მას აღმკვეთ ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო და ასევე დაუწესდა ელექტრონული მონიტორინგი.

ნიკა მელიამ პირველ ჯერზე გირაოს თანხა შეიტანა. თუმცა, 1 ნოემბერს, აქციაზე პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. იმის გამო, რომ მან ამით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები, პროკურატურამ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით მიმართა.

სასამართლომ გირაო გაამკაცრა და ის 40 000 ლარით, 70 000 ლარამდე გაიზარდა. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 დღე. სწორედ ამ გირაოს გადახდაზე განაცხადა უარი ნიკა მელიამ.

შესაბამისად, ბრალდების მხარემ 12 თებერვალს აღნიშნა, რომ კანონმდებლობით მას აქვს ვალდებულება, რომ ამ ჯერზე სასამართლოს კიდევ უფრო მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. ამისთვის კი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაა საჭირო.