„ვშორდებით თავისუფლების პერსპექტივას" - ილიკო სუხიშვილი რუსულ კანონზე

პუბლიკა

ანსამბლ „სუხიშვილების” ხელმძღვანელი, ილიკო სუხიშვილი რუსულ კანონზე აცხადებს, რომ ის ქვეყანას თავისუფლების პერსპექტივას აშორებს. მან აღნიშნა, რომ ყოველ ჯერზე, როცა მსგავსი საფრთხის წინაშე დგება საქართველო, მეორდება 9 აპრილი.

„საერთოდ არ მესმის, ნუთუ არ არის ისეთი კანონი, რომელიც პირიქით, დაგვაახლოებს ამ პერსპექტივასთან – ჩემი აზრით, დასავლეთის თვალით ახლა ჩვენ გვიყურებენ, რომ ყველანაირ ღონეს ხმარობს ხაზი გადაუსვას ამ პერსპექტივას. არ მგონია ეს ლამაზად ჩანდეს.

ყოველ ჯერზე, როცა ასეთი საფრთხის წინაშე ვდგებით, ჩვენ გვიმეორდება 9 აპრილი და ვერ გამოვძვერით აქედან – საბჭოთა რეჟიმის მოყოლებით ამდენი თაობა… დღევანდელი რეჟიმით, რომელიც თავისი ფორმატით არანაკლებ საშინელია, ვშორდებით თავისუფლების პერსპექტივას”, – აღნიშნა მან TV პირველთან.

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.