„VTB ბანკის“ ყიდვის ნებართვაზე არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა - ეროვნული ბანკი

პუბლიკა

„VTB ბანკის“ გაყიდვასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შესულა ეროვნულ ბანკში.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ „VTB ბანკის“ ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს. თუმცა, ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს.

თუმცა, შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს ბანკი არის სანქცირებული აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტთან. ეროვნული ბანკი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს ონლაინგამოცემა BMG-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ VTB BANK Georgia-ს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ყიდულობს.