ვთხოვ ელჩებს, დაადასტურონ, რომ ჩვენ არ აგვიღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება – თალაკვაძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარტია „ქართული ოცნების” ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა და 8 მარტის შეთანხმებაზე ისაუბრა, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შედგა და საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხება. მოლაპარაკებები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით მიმდინარეობდა.

არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა”, თავის „სატელიტ და პრორუსულ” პარტიებთან ერთად, საჯაროდ მოითხოვს, მმართველმა პარტიამ სამ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს: პრეზიდენტს, სასამართლოსა და პროკურატურას დაავალოს, რომ პატიმრობიდან გაათავისუფლოს, მისი თქმით, მძიმე დანაშაულში ბრალდებული და მსჯავრდებული სამი პირი [ოქრუაშვილი, რურუა, უგულავა].

„ამგვარი სიცრუე და სპეკულაცია არის საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა და კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამართლის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების მიმართ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან ავლენენ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების საკითხი ოპოზიციამ ოთხივე შეხვედრაზე დააყენა, თუმცა, თალაკვაძის მტკიცებით, „ოცნებისგან” პასუხად მათ მიიღეს, რომ აღნიშნული პირების გათავისუფლება პოლიტიკური მოლაპარაკების საგანი ვერ გახდებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ მმართველ გუნდს პატიმრების გათავისუფლების პირობა არ დაუდია და განაცხადა, რომ თუკი ამ ფონზე ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის კენჭისყრაზე ჩააგდებს, ეს იქნება „რადიკალური ოპოზიციის” პასუხისმგებლობა, რადგან მმართველი პარტია მოწოდებულია, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიცია სარგებლობს იმით, რომ მოლაპარაკებები დახურული იყო და დიპლომატიური წესები ელჩებისგან დახურული შეხვედრების შინაარსის გასაჯაროებისგან თავშეკავებას მოითხოვს. თალაკვაძის მტკიცებით, ოპონენტები ამას სპეკულაციისთვის იყენებენ. პარლამენტის სპიკერმა შეხვედრაში მონაწილე ელჩებს მიმართა:

„ვთხოვ მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს. ვთხოვთ მათ, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით, ჩვენ არ აგვიღია პრეზიდენტის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემისა და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

ასევე ვთხოვთ მათ, ობიექტურად შეაფასონ თითოეული ხელმომწერის როლი ამ შეთანხმების შესრულების პროცესში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციის მტკიცებით, შეთანხმებას მეორე ნაწილიც აქვს, რომელიც საპატიმროებიდან პოლიტპატიმრების, მათ შორის, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას, გათავისუფლებას ითვალისწინებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპარლამენტო კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.