ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია facebook-პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ მისი შვილი სიკვდილის პირასაა და ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას მის გადარჩენას სთხოვს.
ის მოქალაქეებს ასევე მოუწოდებს, პროცესის დღეს მივიდნენ სასამართლოსთან და გამოხატონ პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
„მინდა, მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან.
ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
არასოდეს ცხოვრებაში არ მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობის და სულგრძელობის იმედი მაქვს”, – წერს ალასანია.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით პროცესი 9 დეკემბერსაა ჩანიშნული. 9 დეკემბერს ენმ აქციას გეგმავს, სახელწოდებით – „მიშას სიცოცხლისთვის!“.