„ვთხოვთ ხელისუფლებას, მოგვხედოს“ – ნავთობკომპანია „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომელი

პუბლიკა

გაზისა და ნავთობის ამერიკული კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიიდან“ გათავისუფლებულმა ლევან გურაშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე სამუშაო პირობებსა და თავიანთ მოთხოვნებზე ისაუბრა.

როგორც ლევან გურაშვილი ამბობს, „ფრონტერას“ თერთმეტთვიანი დავალიანება აქვს და დასაქმებულების ერთადერთი მოთხოვნა მისი ანაზღაურებაა.

„ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა, რომ დავალიანება აგვინაზღაუროს კომპანია „ფრონტერამ“. თერთმეტთვიანი დავალიანება აქვს და 3 თვეა, უმუშევრები ვართ. ნუ, 13 თვე გამოდის ჯამში. გათავისუფლებულები ვართ 17 დეკემბერიდან“,  – აცხადებს ლევან გურაშვილი.

მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლებულების მდგომარეობა მძიმეა.

„ძალიან გაუსაძლისს მდგომარეობაში ვართ ყველა. გაზი გაგვითიშეს, გადაუხდელობის გამო. ელექტროენერგიაც გათიშული გვაქვს, წამალი ვერ გვიყიდია. ოჯახიდან ცოლ-შვილი გვყავს ნათესავებთან გაშვებული, რომ გათბნენ და ასეთი პირობებია ყველა ოჯახში. საბანკო დავალიანებები გვაქვს უმეტესობას, ზოგს ბინა აქვს ჩადებული ბანკში და გვემუქრება ბინის გაყიდვით ან საოჯახო ინვეტარის გაყიდვით. ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ მოგვხედოს, რადგან მძიმე მდგომარეობაა“, – თქვა ლევან გურაშვილმა.

ლევან გურაშვილის თქმით, „ფრონტერაში“ დასაქმებულის საშუალო ხელფასი 600 ლარამდე იყო.

„საშუალოდ, მუშას ხელფასი ჰქონდა 600 ლარამდე და იმასაც არ გვიხდიდნენ. წარმოიდგინეთ ნავთობკომპანია, რომელიც 600 ლარამდე  ხელფასს არ იხდის“, – თქვა ლევან გურაშვილმა.

„ფრონტერას“ ყოფილმა თანამშრომელმა კომპანიაში სამუშაო პირობებზეც ისაუბრა.  მისი თქმით, კომპანიას დაახლოებით 3 წელია, არ უყიდია სპეცტანსაცმელი დასაქმებულებისთვის, ასევე, 2 წლის განმავლობაში არ ჰქონდათ დაზღვევა.

„დაახლოებით 3 წელია, არ გვიყიდია სპეცტანსაცმელი. დაზღვევა 2 წელია, არ გვქონია. უსაფრთხოება დაცული არ იყო“, – განაცხადა ლევან გურაშვილმა.

17 დეკემბერს გაზისა და ნავთობის ამერიკულმა კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიამ” დედოფლისწყაროში დასაქმებული 80-ზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა.