ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი ცაგერიდან სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველებთან შესახვედრად ჩავიდნენ.
მათ ადგილობრივ მოსახლეობასთან ფორმატთან დაკავშირებით ისაუბრეს. მინისტრებმა შესთავაზეს რიონის ხეობის მცველებს, სასურველ ფორმატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მათ თავად მიიღონ და შეატყობინონ უწყებებს. მათ ასევე მზაობა გამოთქვეს, რომ შეხვედრას დაესწრონ ის ექსპერტები, რომელიც მოსახლეობას სურს და რომ შეხვედრა იყოს საჯარო.
ადგილობრივმა ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკების მიმდინარეობისას, დისკუსიას აზრი დაეკარგება, თუ კომპანია სამუშაოებს გააგრძელებს. მინისტრმა თურნავამ აღნიშნა, რომ სთხოვენ კომპანიას, რომ „ტექნიკის გუგუნის ფონზე” არ მიმდინარეობდეს მათ შორის შეხვედრები.
„ჩვენ მივუბრუნდებით კომპანიას და ვთხოვთ მათ ამის გაკეთებას, რომ მართლაც სწორი იქნება ალბათ, რომ არა ტექნიკის გუგუნის ფონზე, არამედ მშვიდ ვითარებაში, თუკი მალე ჩაინიშნა ეს შეხვედრა, ჩვენ შევხვდეთ და ვისაუბროთ. მერე კი გვაქვს იმედი, რომ ჩვენ თუ არგუმენტებს ისე მოგაწვდით, რომ პროექტი არ არის ამ ფორმით საფრთხის მომტანი, ასევე არც იმას გამოვრიცხავთ, ადგან ახალი დაწყებულია პროექტი ბევრი რაღაცა შევცვალოთ. თქვენი ჩართულობის კუთხითაც, კვლევების გაძლიერების კუთხითაც, ხეობის წინაშე ინვესტორის პასუხისმგებლობის კუთხითაც და სახელმწიფო ინტერესების დაცვის უფრო მკაფიო მექანიზმების კუთხითაც. ყველაფერზე შეიძლება საუბარი, მთავარია, რომ ვხედავთ თქვენგანაც ამის სურვილს”, – განაცხადა თურნავამ.
„ჩვენ ვთხოვთ კომპანიას, რომ თავი შეიკავოს, რომ გაღიზიანება არ მოჰყვეს ამას”, – დაძინა მან მოგვიანებით.