პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ ის ტოვებს საპარლამენტო მანდატს. მისი თქმით, ის ემზადება 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ელენე ხოშტარიასთან ერთად.
„კიდევ უფრო მკაფიო გახდა, რასთან გვაქვს ჩვენ საქმე თანამედროვე საქართველოში; კიდევ უფრო ნათელი გახდა, რა არჩევნის წინაშე დგას ქართველი ერი. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევდივართ ბრძოლაში ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის და უკვე დამარცხებული „ქართული ოცნების“ გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს. არავინ არცერთი სიტყვა არ უნდა დაძრას ბოიკოტზე, რომელიც მიემართება არჩევნებს, ეს არის „ქართული ოცნების“ ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა ფარ-ხმალი დაყაროს.
მე პირადად მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ პარლამენტს. ეს ნიშნავს, რომ ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და გადავდივარ ელენესთან ერთად უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად.
მე ვთხოვე ჩემი პარტიის წევრებს, ისინი დარჩნენ ამ ეტაპზე პარლამენტში, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები „ოცნებას“ ტექნიკურად ბოლომდე მივაყვანინოთ“, – ამბობს ნიკა მელია.
გუშინ, 28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.
შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება” მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.