სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ, პოპულისტმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ხელისუფლების მიმართ „უზარმაზარი ნეგატიური ენერგიისა და ბრაზის“ შესახებ ისაუბრა და თქვა რომ „საკუთარი თავის შეცვლა მოუწევთ“.
„ჩვენ გზავნილი გავიგეთ და ეს ხელისუფლებაში მყოფმა ყველა ჩინოვნიკმა უნდა გაიაზროს, როცა ამდენი ხალხი იკრიბება. საკუთარი თავის შეცვლა და ბევრის რამის სწავლა მოგვიწევს“, — თქვა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
მიუხედავად იმისა, რომ ვუჩუჩის მთავრობის თქმით ბელგრადში აქციის 107 000-მდე მონაწილე იყო, მონიტორინგის დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ თქვა, რომ დედაქალაქში აქციაზე 325 000 ან მეტი ადამიანი შეიკრიბა.
ვუჩიჩმა ასევე განაცხადა, რომ პროტესტის დროს 56 ადამიანი დაშავდა, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არცერთს არ აღენიშნებოდა.
მისი თქმით, საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის და პოლიციელებზე თავდასხმისთვის 22 ადამიანი დააკავეს.
ასევე, საპროტესტო აქციის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ვუჩიჩმა თქვა, რომ მან პოლიციას თავშეკავების გამოვლენა სთხოვა, მაგრამ დაამატა, რომ „მათ, ვინც საფრთხეს უქმნიან მშვიდობას, დააპატიმრებენ“.
28 იანვარს სერბეთის პრემიერმინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა პროტესტის ფონზე თანამდებობა დატოვა. მიუხედავად ამისა და პოპულისტი პრეზიდენტის განცხადებისა, რომ „არსად წასვლას არ აპირებს“, სერბეთის მასშტაბით საპროტესტო აქციები გრძელდება.
—
აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 1 ნოემბერს ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ტრაგედიის მიზეზი კორუფცია და სადგურზე დაუდევრად შესრულებული სამუშაოებია.
ნოვი-სადის სადგურზე ბოლო წლებში სარემონტო სამუშაოები ორჯერ ჩატარდა „საეჭვო მეგაპროექტების” ფარგლებში, რომლებშიც ჩინეთის სამთავრობო კომპანიები მონაწილეობდნენ.
სერბეთს მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან და დიდად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე.