ვუერთდებით საერთო სტუდენტურ პროტესტს - კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები

პუბლიკა

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები საერთო სტუდენტურ პროტესტს უერთდებიან და სასწავლო პრეცესის შეწყვეტას აანონსებენ.

„ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი ისტორიული არჩევანი – ევროპა და საზოგადოების გაცხადებული ნება – ოფიციალურად გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები.

ჩვენ, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, ვუერთდებით საერთო სტუდენტურ პროტესტს, რადგან ვფიქრობთ, რომ, სამწუხაროდ, აუდიტორიებში ჯდომის დრო აღარ არის – ახლა ქვეყანა ფიზიკურად არის დასაცავი გარუსებისგან. ამიტომ 12 მაისის დილას შეიქმნა პეტიცია სასწავლო პროცესის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელსაც 18:00 საათის მონაცემებით, 1000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

რუსული კანონის მიღებით ქვეყანაში გაქრება და გაითელება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია – ამ საფუძვლიან ეჭვში დაგვარწმუნა ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე, ბოლო დღეებში დაწყებულმა დევნამ, რეპრესიებმა და ძალადობამ როგორც მოქალაქეების, პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და ჟურნალისტების, ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართ.

ჩვენ არ დავთმობთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და მრავალსაუკუნოვან ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, საქართველოს დასაცავად გვიწევს შევწყვიტოთ სასწავლო პროცესი იქამდე, ვიდრე მას ჩვეული, ევროპული მიმართულებით სვლის საშუალება მიეცემა!“,- ნათქვამია განცხადებაში.

გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტია და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა.