„ვუერთდებით პროტესტს, ვიკავებთ უნივერსიტეტის ფოიეს ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე" | ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი

პუბლიკა

„ვუერთდებით სახალხო პროტესტს. ჩვენ ვიკავებთ უნივერსიტეტის ფოიეს მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული,” – ამის შესახებ განცხადებას ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ავრცელებს.

სტუდენტების მოთხოვნაა დაკავებული დეკანის, მამუკა ჯორბენაძის და სტუდენტების დავით გვიანიძის, გურამ მიქელაძის, ანრი კაკაბაძის და გიორგი დავითაძის, ასევე სხვა პატიმრების გათავისუფლება. სტუდენტები ასევე მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს.

„ჩვენ, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, ვუერთდებით სახალხო პროტესტს. ჩვენ ვიკავებთ უნივერსიტეტის ფოიეს მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი დეკანის მამუკა ჯორბენაძის და სტუდენტების დავით გვიანიძის, გურამ მიქელაძის, ანრი კაკაბაძის და გიორგი დავითაძის გათავისუფლებას, ასევე ანდრო ჭიჭინაძის, ვეფხია კასრაძის გიორგი ჩაჩანიძის და რეჟიმის ყველა პატიმრის. ჩვენს მთავარ მოთხოვნად რჩება ხელახალი სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები.

ვაცხადებთ, რომ ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი, არ ვუშლით ხელს სასწავლო პროცესს, ვითვალისწინებთ განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტების უფლებებს, იმედს ვიტოვებთ რომ ისინი გაიაზრებენ ჩვენს პოზიციას, მხარს დაგვიჭერენ, რადგან ჩვენ ვიბრძვით ყველა სტუდენტის ღირსეული მომავლისთვის. სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ბათუმის დრამატული თეატრის თანამშრომლებს და კულტურის ყველა წარმომადგენელს, ვინც სისტემასთან უთანასწორო ბრძოლაში მტკიცედ დგას. ძალა სტუდენტების ერთობაშია. გავიმარჯვებთ სახელოვნად”, – აცხადებენ სტუდენტები.