ვულოცავ ბატონ ბუბას დაბადების დღეს, დიდი შთაგონების წყაროა - ზელენსკის მილოცვა კიკაბიძეს

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბათუმში დღევანდელი კონფერენციის შემდეგ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მომღერალს, კინომსახიობსა და პარლამენტის დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“, ბუბა კიკაბიძეს დაბადების დღე მიულოცა.

„არა მარტო საქართველოსთვის, მილიონობით ადამიანისთვის ძვირფასი ადამიანი ვახტანგ კიკაბიძე დღეს დაბადებულა, 83 წელი შეუსრულდა. ვულოცავ ბატონ ბუბას დაბადების დღეს და მიხარია, რომ ეს შესაძლებლობაც მეძლევა.

ძალიან ენერგიულია, დიდი შთაგონების წყაროა. სიცოცხლის მოყვარულია და ყველას გვაძლევს ოპტიმიზმის წყაროს“, – თქვა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს შესახებაც და თქვა, რომ მოლდოვის პრეზიდენტს უყვებოდა, „რამდენი ადგილია სანახავი“ საქართველოში.

„მე მქონდა შესაძლებლობა მენახა მცხეთა, გერგეტის ტაძარი, ვიყავი სხვადასხვა ისტორიულ ადგილას. ამ რანგით პირველად ვარ საქართველოში და ქალბატონ მაია სანდუს ვეუბნებოდი, რომ ძალიან ბევრი ადგილია სანახავი ისტორიული მემკვიდეობის გასაცნობად.

იმედი მაქვს მომავალი ვიზიტების ფარგლებში მექნება უფრო მეტი შესაძლებლობა და ვიღებ თქვენს მოწვევას, რომ თქვენს მეგობრულ ქვეყანაში კვლავ ჩამოვიდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.


საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა დღეს ბათუმში კონფერენციის გახსნის შემდეგ პეტრას ციხეზე ასოცირების ტრიოს დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დღევანდელი შეხვედრების მიზნებს შორის ევროინტეგრაციის გზაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ამ სამი ქვყენის დაახლოება და შავი ზღვის ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავება იყო.