საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინასა და მოლდოვას მოლაპარაკებების ჩარჩოს შეთანხმებას ულოცავს. ამის შესახებ ის პლატფორმა X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, საქართველო მალე შეუერთდება მათ რიგებს.
„ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას EU-ში ინტეგრაციის გზაზე ამ ეტაპს. ჩემი გულწრფელი მილოცვა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვანი მიღწევისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერი მალე შეუერთდება თქვენს რიგებს”, – წერს ზურაბიშვილი.
ევროკავშირის ელჩები უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრების მოლაპარაკებების ჩარჩოზე შეთანხმდნენ. შემდეგი ეტაპი, რაც სამთავრობათშორისო კონფერენციას მოიცავს, 25 ივნისს დაიწყება.
7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები მანამ, სანამ როტაციით უნგრეთი დაიკავებს ევროკავშირის ხელმძღვანელის პოსტს.
კიევმა ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადი 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გააკეთა და რამდენიმე თვის შემდეგ კანდიდატის სტატუსიც მიენიჭა.
ბრიუსელის რეკომენდაციის შესრულებას გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ხელისუფლების ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.