„ვუთხარი, რომ კლოუნადაში მონაწილეობას არ მივიღებ" - ზურაბ ჯაფარიძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

საქმე ეხება „ქართული ოცნების“ პარლამენტში თეა წულუკიანის კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას. ჯაფარიძე სხდომაზე არ მივიდა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მთავარი კითხვა, რომელიც მასთან ჰქონდათ, კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას უკავშირდებოდა

„დაადასტურეს, რომ მე ვარ და შემდეგ იყო ალბათ, 5-6 კითხვა, რომლითაც ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, მქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ გამოძახებული ვიყავი, რაზეც დავუდასტურე, რომ ვიყავი მაინც აზუსტებდნენ, „მესიჯი მივიღე თუ არა“.

საბოლოო ჯამში, როცა გაარკვიეს ინფორმაცია, ერთადერთი კითხვა დამისვეს, რატომ არ მივედი იმ რაღაც ცირკის დაძახებულზე. ავუხსენი, რომ არავინ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების იმ შედეგებს, რაც ცესკომ გამოაქვეყნა და, შესაბამისად, დაკომპლექტებულ პარლამენტს და შემდეგ დაკომპლექტებულ მთავრობას.

[გვყავს] უზურპატორი ხელისუფლება, რუსების მიერ დასმული, მათ აღიარებს მარტო „ჰამასი“, „ჰესბოლა“, ვენესუელა, ნიკარაგუა, ქვეყნები, რომლებიც არიან რუსების სატელიტები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ და არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა მათ არ აღიარებს.

ვუთხარი, რომ მე პრინციპულად ვდგავარ ცივილიზებული, დასავლური სამყაროს, თავისუფლების მხარეს და არც ერთ შემთხვევაში ამ კლოუნადაში მონაწილეობას არ მივიღებ. ამით დაამთავრეს და წამოვედი”, – განაცხადა ჯაფარიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ.