საინფორმაციო პორტალი Delfi ესტონურ გამოცემა Eesti Päevaleht-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ელჩების ფარული მოსმენების გამოძიების საკითხზე შეკითხვები დასვა.
„მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ გვსურს საქართველოს მხარდაჭერა და მისი დახმარება, მაგრამ თქვენ უნდა გაგვიმარტივოთ ეს. გაატარეთ სასამართლო რეფორმა, შეეცადეთ გადალახოთ განხეთქილება საზოგადოებაში.
… ასევე ვუთხარი, რომ სრულიად მიუღებელია, რომ თქვენ ჩვენ ფარულად გვისმენთ. ჩვენ, თქვენი მეგობრები არაფერ ცუდს არ ვამბობთ თქვენს ზურგს უკან. ასე არ ხდება. აქედან გამომდინარე, ვკითხე, რამდენად შორს წავიდა გამოძიება, იმიტომ, რომ აქამდე აცხადებდნენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, შემთხვევის გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტული პასუხი მას არ ჰქონდა,“- განაცხადა კაია კალასმა Eesti Päevaleht-თან საუბარში.
შეხვედრა ღარიბაშვილსა და მის კოლეგას შორის 15 დეკემბერს ბრიუსელში შედგა.
დღეს ამ ინტერვიუზე შეკითხვებს უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რომელმაც დაადასტურა, რომ ფარული მიყურადების საკითხზე საუბარი შედგა, თუმცა ჩვენი პრემიერისთვის „ანგარიში არავის მოუთხოვია“.
„მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას, იყო ძალიან გულწრფელი, მეგობრული საუბარი ყველა იმ დემოკრატიულ პროცესთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო ამომწურავი ინფორმაცია მიწოდებული, რაც მას აინტერესებდა, მათ შორის, იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ახსენეთ. გამოძიების პროცესი მიმდინარეობს, იცით თქვენ, რომ ღიაობაა სრული დაფიქსირებული, რომ მასში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ და მათ შორის, საგამოძიებო მიმართულებით თანამშრომლობა განხორციელდეს. არანაირი ტაბუდადებული თემები მეგობრებს შორის არ არის. იყო ძალიან გულწრფელი საუბარი. არ მოსთხოვა ანგარიში, ეს რა კითხვაა? იქ ვიყავი და მეუბნებით ისეთ რამეს, რაც ბუნებაში არ ყოფილა. გეუბნებით, როგორც იყო“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ინფორმაცია, რომ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს აყურადებდნენ, მას შემდეგ გავრცელდა, რაც მედიაში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილები გაშუქდა.
ეს ინფორმაცია არაერთმა საერთაშორისო პარტნიორმა თუ ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ და პოლიტიკოსმა დაგმო.
ხელისუფლების პასუხია, რომ დაწყებულია გამოძიება და დადგინდება, ჰქონდა თუ არა ადგილი უკანონო მოსმენას.