ვუყურებთ „ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობის” სპექტაკლს, ერთმანეთის ღირსები ხართ – ინაშვილი

პუბლიკა

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის” წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი პლენარული სესიის სხდომაზე, რომელზეც გიორგი გახარია, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ინტერპელაციის წესითაა მისული, სიტყვით გამოვიდა.

თავის გამოსვლაში მან უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ პრემიერის დღევანდელი ვიზიტი „პოლიტიკური სპექტაკლის“ ნაწილია. მან „ქართულ ოცნებას” შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა, მათ შორის, სამართლიანობის აღდგენაზე და მიმართა, რომ მათი პროფესია „ქართველი ხალხის გადაგდებაა”.

„თქვენ, უმრავლესობამაც და მთავრობამაც, ადამიანებს მთავარი რამე დაუკარგეთ და წაართვით – რწმენა სამართლიანობისადმი. ისეთი აბსურდული გარემო, რაც ამ პარლამენტშია, მე დედამიწის ზურგზე არ მგონია, რომ სადმე, რომელიმე პარლამენტში იყოს”, – განაცხადა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილმა უმრავლესობის წევრებს „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუცია შეახსენა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას და მაშინდელი მთავრობის წევრთა გასამართლებას გულისხმობდა.

„ახლა რომ ძალიან ყვირიხართ, ჯიგრები ვართ და ესა ვართ… ჯერ რა ტერმინოლოგიაა ეს. მხარი დაგეჭირათ და მიგეღოთ ეს რეზოლუცია, გატრუნულები რომ ისხედით 80%. ეს არ გინდოდათ. იმიტომ არ გინდოდათ, რომ ყოველი არჩევნების წინ თქვენ გჭირდებათ „ნაციონალური მოძრაობა”. გჭირდებათ იმიტომ, რომ  მათი წარსულის ფონზე თქვენ გამოჩნდეთ უკეთესები და ვერ ჩანხართ ეს უკეთესები იმიტომ, რომ ბევრ საკითხში ზუსტად ის გზა აირჩიეთ, რა გზაზეც ისინი იდგნენ”, – განაცხადა დეპუტატმა.

მან მთავრობის წევრებსა და დეპუტატებს მოუწოდა, რომ ოპოზიციის ხსენებისას პარტიის სახელი დააკონკრეტონ, რადგან, მისი თქმით, „საქართველოს პატრიოტებსა“ და დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად პარლამენტში დანაშაულებრივი ჯგუფები სხედან. ინაშვილმა უმრავლესობას უთხრა, რომ მათ განსხვავებული აზრი არ სჭირდებათ და მხოლოდ ქება მოსწონთ, ეს პრაქტიკა კი ჩრდილო კორეას შეადარა.

ირმა ინაშვილმა პრემიერის შენიშვნა არაკომპეტენტური ოპოზიციის შესახებ არ მიიღო და განაცხადა, რომ კომპეტენცია და პატრიოტიზმი არაერთხელ დაუმტკიცებია.

„ყველა უნდა გამოვფხიზლდეთ, გავახილოთ ფართოდ თვალი და დავინახოთ, სად არის კარგი და სად – ცუდი. რა 55%-იანი რეიტინგი გაქვთ? ჩვენ მალე დავდებთ უტყუარ მტკიცებულებებს, რა უნდა ქართველ ხალხს.

ერთხელ მაინც ამ ქვეყანაში სიმართლე ხომ უნდა ითქვას? უკვე ჩანს, რომ აპირებთ არჩევნების გაყალბებას. არ შეგრჩებათ ეს, გაიგეთ, ცუდად დამთავრდება თქვენი მორიგი თამაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ძალიან მძიმედ დაგიჯდებათ ეს ყველაფერი და თუ გგონია, რომ ამ ქვეყანაში ყველა ყველაფერს გადაყლაპავს და ხალხი ბრმაა, მწარედ ცდებით.

ცირკი, მასკარადი, გოიმი და ჯიგარი გავწიოთ და ვიფიქროთ ხალხზე, ადამიანებზე, რომელთაც ძალიან უჭირთ და კიდევ პოლიტიკურ სპექტაკლს უყურებენ პარლამენტში, „ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობის” სპექტაკლს. ერთმანეთის ღირსები ხართ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.