ვვარაუდობ, რომ გაზაფხულზე მრავალპარტიული პარლამენტი გვექნება - კობახიძე

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, ვარაუდობს, რომ საგაზაფხულო სესიების დაწყებისას საქართველოს პარლამენტი მრავალპარტიული იქნება. კობახიძის თქმით, საუბარია არა ერთ ან ორ, არამედ სამზე მეტ პოლიტიკურ პარტიაზე.

„ჩვენი ვარაუდი არის, რომ უკვე თებერვალ-მარტში პარლამენტი არ იქნება არც ერთპარტიული, არც ორპარტიული და არც სამპარტიული. ველოდები სამზე მეტს. ჯერ დაკონკრეტება მართლა რთულია, მაგრამ პროცესი აუცილებლად დაიწყება და დაიწყება წლის დასაწყისიდან. თებერვალში იწყება სესია, იანვარი ისედაც ახალი წლის შემდეგი პერიოდია უფრო რთულია სიახლეების მიღება. თებერვალში იწყება სესია და დასაწყისშივე ვფიქრობთ, რომ გამოიკვეთება სიახლეები. შეიძლება ყველა წამოვიდეს“, – თქვა კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

წამყვანის კითხვაზე, გაიმართა თუ არა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებები ელჩების შუამავლების გარეშეც, საპარალმენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ „ოცნების“ წევრებსა და ოპოზიციას შორის „სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია შედგა“.

„მე შემიძლია გითხრათ, რომ პარტიების უმრავლესობასთან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია შედგა. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებაც იყო ეს, რომ მათ გარეშეც გვქონოდა კომუნიკაცია და ეს კომუნიკაცია შედგა ამ პარტიების უმრავლესობასთან, უმრავლესობა არის მინიმუმ ხუთი 8-დან.

მე დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენი გუნდის სხვადასხვა წევრი, 3-ზე და 4-ზე მეტი წევრი იყო ჩართული ასეთი ტიპის კომუნიკაციაში მინიმუმ 5 პარტიასთან. მეც ჩართული ვიყავი ბუნებრივია, მათ შორის, მოგეხსენებათ მოლაპარაკებებშიც ვიყავი ჩართული. მე პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართული ვიყავი მთლიანად ამ პროცესში, მათ შორის კომუნიკაციის ამ ნაწილში, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ და ეს არ ეხებოდა მარტო 2 და 3 პარტიას, მეტთან მქონდა პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩართულობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.