„მე ძალიან ვწუხვარ, რომ ნაზი ჯანეზაშვილი არის მიქაუტაძესთან, გვრიტიშვილთან, სერგო მეთოფიშვილთან მხარდამხარ ჩემ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში. არ მინდა, ეს დავაბრალო ნოდარ დუმბაძის სახელობის სასწავლებლის კვალიფიკაციას და იურიდიულ კვალიფიკაციას, რომ ის ვერ ერკვევა სამართლებრივ საკითხებში. უფრო სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, რომ ამუშავდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც უმრავლესობის სახით მიიღო მან, როცა დაინიშნა იუსტიციის საბჭოს წევრად.“ – ასე შეაფასა ანა დოლიძემ იუსტიციის არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის დღევანდელი განცხადება, სადაც ის წერდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას და ანა დოლიძე თანამდებობიდან დღესაც რომ გადადგეს, კანონი უკვე დარღვეული აქვს.
ანა დოლიძის შეფასებით, ნაზი ჯანეზაშვილს „ქართული ოცნების“ წინაშე ვალდებულებები აქვს.
„როგორც ჩანს, მას, ვინც დანიშნა, „ქართული ოცნების“ წინაშე აქვს გარკვეული ვალდებულებები და ახლა, როცა იქმნება ახალი, სამსჯელო, სადისკუსიო ასპარეზი, სამწუხაროდ, გვირიტიშვილთან, მიქაუტაძესა და სერგოსთან ერთად ნაზი ამ ყველაფრის მონაწილეა. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, თუ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, ეს შეიძლება იყოს სამართლებრივი დავის საგანი და შეუძლიათ გვრიტიშვილს, მეთოფიშვილსა და ნაზის, სასამართლოს მიმართონ.“ – განაცხადა ანა დოლიძემ.
15 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელს. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ანა დოლიძის მიერ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დაფუძნებამ საზოგადოების ნაწილში მოლოდინი გააჩინა მის სამომავლო პარტიულ საქმიანობასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც შეუთავსებელია მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან.
16 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა ნაზი ჯანეზაშვილიც, რომელიც სოციალურ ქსელში წერდა, რომ ანა დოლიძის შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ჩნდება აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვები.