ვწუხვართ, რომ მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლოს რეფორმის კიდევ ერთ ვალდებულებას - ჰარცელი

პუბლიკა

„ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას“, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა რიგ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილის შეთანხმების მიღწევის შემდეგ იყო წარდგენილი. სამწუხაროდ, უარი ითქვა ძირითად ცვლილებაზე გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით.

ცვლილება შეეხებოდა საქართველოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესს, რომელიც მიზნად ისახავდა მარტივი უმრავლესობის კვალიფიციურ უმრავლესობამდე გაზრდას დანიშვნებისთვის ყველა პოლიტიკური პარტიის ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და მომავალში მხოლოდ ერთი პარტიის მიერ გენერალური პროკურორის დანიშვნის შესაძლებლობის რისკის შესამცირებლად“, – ნათქვამია ჰარცელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისი თქმით, ეს იყო კიდევ ერთი საშუალება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ხარისხის გაზრდას,  და ის ვენეციის კომისიის დიდი ხნის განმავლობაში არსებულ რეკომენდაციას ასახავდა.

„ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შემდგომ დანიშვნებს, ისევე როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ დანიშვნებს, ეუთო/ოდირის შეფასებით „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“,- აცხადებს ის.

მისი თქმით, წინა კვირას, ევროკავშირის 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკრო-ფინანსური დახმარების არგადახდის კონტექსტში, ევროკავშირმა აღნიშნა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. ელჩის განცხადებით, საქართველოს მიერ აღებული სასამართლო სისტემის რეფორმირების ვალდებულებების თვალსაზრისით დღევანდელი ცვლილებაზე უარის თქმა მესამე წარუმატებლობაა ამ ორი თვის განმავლობაში.

ევროკავშირი  მოუწოდებს ყველა პარტიას გაზრდილი ძალისხმევით ერთად იმუშაონ პარლამენტში სასამართლო სისტემის ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად.

„ვიმეორებთ – მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“, – ნათქვამია ჰარცელის განცხადებაში.


126 მომხრე, 0 წინააღმდეგი – დღეს, 7 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროეტს, ოღონდ იმ პუნქტის გარეშე, რომელიც გენპროკურორის არჩევის წესს განსაზღვრავს.

კენჭისყრაზე არ გამოვიდა პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით.

ამ საკითხზე პარლამენტში დღეს დისკუსიაც გაიმართა.

ამ პუნქტის ამოღების მომხრეები იყვნენ „ქართული ოცნება“ და „მოქალაქეები“, ხოლო დანარჩენი ფრაქციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გენპროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი იყო, პროკურატურას მეტ ლეგიტიმაციას მიანიჭებდა, რაც, მათი თქმით, მმართველი გუნდის ინტერესში არ არის. ამის მიუხედავად, ოპოზიციამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.