ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას, ენმ გადადის საგანგებო რეჟიმზე, გვექნება კონკრეტული აქტივობები - ხაბეიშვილი

პუბლიკა

„ყოველდღიური პროტესტი და სახალხო მღელვარება“ – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ენმ წყვეტს საპარლამენტო მუშაობას, ასევე დღეიდან იწყებს კონკრეტულ აქტივობებს და დედაქალაქი გახდება საპროტესტო ცენტრი.

„ამ წუთიდან „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ მოსვენება, ბრიფინგის დასრულების შემდეგ ღარიბაშვილი ამას პირველი იგრძნობს.

ხვალიდან ენმ გადადის საგანგებო რეჟიმზე, მივმართავ ყველა რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდმარეებს, ენმ-ს საკრებულოების წევრებს, ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში და დედაქალაქი იქნება მთავარი საპროტესტო ცენტრი, დაიგეგმება აქტივობები რეგიონებშიც.

ენმ აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას, ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას. ვაპირებთ ელჩებთან კომუნიკაციას, საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს, რომ გააძლიერონ წნეხი „რუსულ ოცნებაზე“;

დღეს, ახლა, როცა მოვრჩებით ბრიფინგს, გვექნება კონკრეტული აქტივობები და ასეთივე აქტივობები გვექნება ყოველდღიურად. ყველგან მოგაკითხავთ ის ადამიანები, ვისაც ჩაგრავთ და უკლავთ ევროპულ მომავალს. დამთავრდა თქვენი მშვიდობიანი, უზრუნველი, გაქსუებული ცხოვრება“, – განაცხადა მან.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი ჩალაძის ცნობით, ნახევარ საათში აქტივობა იქნება პრემიერი ღარიბაშვილის სახლთან.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები, მათ შორის, ნიკა მელია და გიორგი მუმლაძე, პარტიის ოფისში შეიკრიბნენ და სამოქმედო გეგმაზე ერთობლივად იმსჯელეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ  მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლებაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.