„წადი, წადი!“ – აქციის მონაწილეები ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მივიდნენ

პუბლიკა

„წადი, წადი!“ – ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები  ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მივიდნენ.

ოპოზიციური პარტიების წევრებმა და აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლეს და პოლიციის კორდონის გარღვევაც შეძლეს, თუმცა, საბოლოოდ, სამართალდამცველებმა მათ ბიზნესცენტრთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ. ისინი ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბების პირობებში ჩატარდა. მათი ნაწილის თქმით, პარლამენტის ბოიკოტი არის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიცია კონსულტაციების შედეგად მიიღებს. ამასთან, ოპოზიციამ კვირას, 8 ნოემბერს თბილისში აქცია-მსვლელობა დაანონსა.

„ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით კი, არჩევნები დემოკრატიული პრინციპების დაცვით გაიმართა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციის „დესტრუქციული ნაწილის“ დაანონსებული აქციების მიზანია, ჩრდილი მიაყენოს საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს. ის მოუწოდებს ოპოზიციას, პატივი სცეს მოქალაქეების გადაწყვეტილებასა და ცესკოს ოფიციალურ შედეგებს.