წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტი რუსული კანონის გამო შეუჩერდა. მედიისთვის განცხადება ხარჩილავამ 2 სექტემბერს გააკეთა.
გია ხარჩილავას თქმით:
„მუნიციპალიტეტმა გრანტი მიიღო და გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებამ ჯიუტად მიიღო ეს კანონი, გაუქმდა ეს გრანტი და მე გაგაცნობთ მიმდინარე პროცესებს.
ტურიზმის სტრატეგია წალენჯიხაში არის გაუქმებული. ჩვენ ჩავეხსენით ევროპას, ჩვენ ჩავახსენით მეგობრებს, ჩვენ ჩავეხსენით დაფინანსებას და პირველი ხელშესახები, რაც აქ ხდება, ეს არის ჩვენგან დეკლარირებული.
სხვა მუნიციპალიტეტები ამას არ აღნიშნავენ.
მე თქვენ გეუბნებით რომ წალენჯიხას გრანტი გაუუქმდა ევროპული დაფინანსებისა. იმის გამო, რომ რუსული კანონი ჯერჯერობით მოქმედებს საქართველოში.
დარწმუნებული ვარ, მთელი ხელისუფლება ამ კანონის ნეგატივს მალავს და ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელსაც შეუძლია მორალური ღირებულებებიდან გამომდინარე გამოაჩინოს ეს საკითხი, ეს არის წალენჯიხა.
შეჩერებულია ეს პროცესი და ეს პროცესი ნიშნავს იმას, რომ რეგიონები არის გაჩერებული, დაპაუზებული… ჯერჯერობით დაწყებული პროექტები გაჩერდება. მაგალითი ხელზე გვაქ, და ამასთან, არც მანამდე იყო გამჭვირვალობა, თუ რა ტიპის და რა ხასიათის და რამხელა დახმარება ევროპიდან ქონდა საქართველოს. ყველა მუნიციპალიტეტი თავს შეიკავებს და ჩვენ გეუბნებით აშკარად და ვააშკარავებით ფაქტებს: როგორ მუშაობდა საქართველო დასავლეთიდან და რა შედეგი მივიღეთ დღეს. ეს შედეგი არი გაჩერებული საქართველო.
კანონის შეჩერებამ შეძილება გვიშველოს და ეგ არის შუალედური ვარიანტი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ცვლილება არი მთავარი თემა იმ საკითხში, რომ ეს ყველაფერი უკან მოგვიბრუნდეს“, – განაცხადა ხარჩილავამ ბრიფინგზე.
„შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ (CCG) 4-წლიანი პროექტია, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტი საქართველოს რეგიონებში კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერებას ემსახურება.
„პროექტის ფარგლებში 35 მუნიციპალიტეტს გადაეცა გრანტი (თითოეულს 5000 ევროს ოდენობით) შემოქმედებითი სივრცეების ან მომავალში შემოქმედებითი დანიშნულებით გამოყენების პოტენციალის მქონე სივრცეების გამოვლენის, ფიზიკური აღნუსხვისა და ფოტოდოკუმენტირებისთვის. ასეთი სივრცეების აღნუსხვა 2024 წლის აპრილიდან – ივნისამდე პერიოდში განხორციელდა.
ფიზიკური აღნუსხვის შემდეგ, მასში მონაწილე მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ექნებოდათ მონაწილეობა მიეღოთ შემოქმედებითი რესურსების შესწავლისთვის განკუთვნილ საგრანტო კონკურსში.
საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ევროკავშირის დახმარებაზე მისი ზემოქმედების შესახებ ევროპული საბჭოს მიერ 2024 წლის 24 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნების გათვალისწინებით, ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტისთვის ახალი საგრანტო შესაძლებლობის შეთავაზება ამ ეტაპზე შეჩერებულია.
„შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ გააგრძელებს საქმიანობას საქართველოს რეგიონებში შემოქმედებითი და კულტურის სექტორის მდგრადი მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია პროექტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.