წალენჯიხის მერის მანქანა დაიწვა

პუბლიკა

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანა დაიწვა. გია ხარჩილავას მანქანა სახლის წინ ჰყავდა გაჩერებული. ის ამბობს, რომ მანქანა ტექნიკურად სრულად გამართული იყო და ვარაუდობს, რომ ის დაწვეს. „მანქანა 100%-ით იყო გამართული”, – ამბობს ხარჩილავა.

„დასკვნების უფლება მაქვს, სავარაუდოდ, აქ რაღაც ხელწერა იკითხება. ცეცხლი თვითონ ავტომობილს კი არ გასჩენია, ეს ადამიანის ხელზე მეტყველებს, ადამიანის მიერაა გაჩენილი ჩემი წინასწარი დასკვნით. მანქანა სრულად გამართული იყო. როცა შეკითხვა ისმის, თუ რას ვუკავშირებ, თუ ამ გზით ვივლით, მაშინ რჩება ერთი დასკვნა – ეს არის ჩვენი მიდგომები, ჩვენ არ ვართ მუჭში მოქცეული, მორჩილი თვითმმართველობა. მიმდინარეობს გამოძიება და ექსპერტიზაც დანიშნულია…

ადგილზე შექმნილი სურათი მაძლევს ამ დასკვნების გაკეთების საშუალებას და მინდა გითხრათ, რომ მერი თავის პოლიტიკას არ შეცვლის, უფრო აზარტული იქნება თვითმმართველობაში და უფრო ძლიერ რეფორმებს შესთავაზებს საზოგადოებას, უფრო მეტად გამოავლენს კორუფციულ სქემებს და ეს სისტემა მუჭში ვერ მოიქცევს წალენჯიხის მერს”, – განუცხადა ხარჩილავამ ტელეკომპანია „ფორმულას“.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.