პარტია „საქართველოსთვის“ წალენჯიხის პარტიული სიის მესამე ნომერი ნანა ლემონჯავა აცხადებს, რომ პარტიას ტოვებს და საკრებულოში საქმიანობას როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ისე გააგრძელებს. პარტიის დატოვების მიზეზებზე ის facebook-სტატუსში საუბრობს:
„მეგობრებო, როგორც იცით პარტია „საქართველოსთვის“ წალენჯიხის პარტიული სიის მესამე ნომერი და უკვე, საკრებულოს წევრი ვარ. ამ პარტიაში გაწევრიანების მიზანი და მიზეზი იყო ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დაგვესრულებინა ეს პოლარიზებული პოლიტიკური გარემო და დაგვესრულებინა ის წარსული, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. გიორგი გახარიას პარტიაში ბევრი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანია გაერთიანებული, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომლებსაც გულანთებულად უყვართ თავიანთი სოფელი, ქალაქი და სამშობლო, მაგრამ არსებობს თემები და წითელი ხაზები, რომლებიც ყველას ერთად გვაერთიანებს. ერთ-ერთი ასეთი წითელი ხაზი, როგორც ყოფილი პრემიერი სწორად შენიშნავს ხოლმე, არის ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაცია, თანამშრომლობა.
პრემიერის ამ პოზიციას ვიზიარებ და ვუერთგულებ ბოლომდე, თუმცა ვხედავ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ წალენჯიხის შტაბი ღალატობს იდეას, პარტიას და პარტიის ლიდერს. მათ აშკარად აირჩიეს პარტიისთვის და ჩემთვის მიუღებელი გზა. მაქვს ყველა ნიშანი თუ ინდიკატორი, რომელიც აღნიშნულს ადასტურებს. მე ღიად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია იქ და იმ ხალხთან, სადაც საჭირო იყო. დღეს კი მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მე ვიღებ ხალხისგან მონიჭებულ მანდატს, მე ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, მე მზად ვარ ვიმუშაო ჩემი ქალაქისა და ხალხისთვის, მაგრამ მე ვტოვებ პარტიას „საქართველოსთვის“ სწორედ იმიტომ, რომ ამ ადამიანებთან ადგილობრივ დონეზე ვერ ვხედავ საბოლოო მიზნის მიღწევის შესაძლებლობებს. და ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ, როგორ დამოუკიდებელი დეპუტატი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში”, – წერს ის.