საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია „წალკის კანიონთან“ დაკავშირებით კრიტიკულ შეფასებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეკოტურიზმის მთავარი მიზანი ბუნებისა და ცოცხალი კულტურის შენარჩუნებაა, რაც წალკის კანიონის შემთხვევაში სრულად იგნორირებულია.
დაცულ ტერიტორიაზე – წალკის კანიონზე „ბრილიანტის ხიდი“ 14 ივნისს გაიხსნა.
გთავაზობთ ეკოტურიზმის ასოციაციის განცხადებას:
„პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია მიესალმება ტურიზმის მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ ისეთ ინვესტიციებს, რომელიც ადგილობრივთა დასაქმებას და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. თუმცა, როდესაც ეკოტურისტულ პროექტებზეა საუბარი, მხოლოდ ეს კომპონენტი საკმარისი არ არის.
საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგია 2020-2030-ის მიხედვით – „ეკოტურიზმი არის მოგზაურობა, ტურისტული აქტივობები და სერვისები, რომელიც ორიენტირებულია დაცულ ტერიტორიებზე და მის გარეთ ბუნებისა და ცოცხალი კულტურის შენარჩუნებასა და გამოცდილებების მისაღებად სათანადო პირობების შექმნაზე ადგილობრივი მოსახლეობისა და ქვეყნის სასარგებლოდ“. აღნიშნული განმარტებიდანაც ჩანს, რომ ეკოტურიზმის მთავარი მიზანი ბუნებისა და ცოცხალი კულტურის შენარჩუნებაა, რაც წალკის კანიონის შემთხვევაში სრულად იგნორირებულია.
მოწყობილმა ინფრასტრუქტურამ, ერთი მხრივ შენარჩუნების ნაცვლად სრულად შეცვალა არსებული ბუნებრივი ლანდშაფტის გარეგნული მხარე, ხოლო მეორე მხრივ მასში საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული ცოცხალი კულტურის კომპონენტი. შესაბამისად დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხრიდან ამ კონკრეტული ინვესტიციის „უნიკალურ ეკოტურისტულ სივრცედ“ წარმოჩენა შეუსაბამობაში მოდის თავად ეკოტურიზმის არსთან და მის ძირითად პრინციპებთან.
ეკოტურიზმიდან საკმაოდ შორს იყო ობიექტის გახსნის ღონისძიებაც, რომელიც მასშტაბური ფეიერვერკით დასრულდა, რაც ასევე წინააღმდეგობაშია, როგორც ეკოტურიზმთან, ისე დაცულ ტერიტორიებთან.
აქვე იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში მსგავსი ტიპის პროექტები აუცილებლად განხორციელდება დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობით და ეკოტურიზმის პრინციპების სრული დაცვით”, – ნათქვამია განცხადებაში.
პროექტის შესახებ
დაცულ ტერიტორიაზე – წალკის კანიონზე, 240 მეტრის სიგრძის, შუშის ხიდი მოეწყო. საქართველოს მთავრობის ცნობით, მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე აშენდება სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე ფუნქციონირებს კოტეჯები და რესტორანი. ინვესტორი კომპანიის დირექტორის თქმით, ამ სეზონზე კოტეჯების რაოდენობა 62-მდე გაიზრდება. რაც შეეხება სასტუმროს, მისი გახსნა მომავალი წლისთვის იგეგმება.
წალკის (დაშბაშის) კანიონის ბუნების ძეგლი
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე ბუნების ძეგლ – წალკის კანიონთან დაკავშირებით აღნიშნულია:
ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას. კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები საკმაოდ ღარიბია მცენარეული საფარით, ხოლო კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით, თავისებური ფაუნით და ა.შ.
საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების შესახებ
ბუნების ძეგლი – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების III კატეგორიას.
ბუნების ძეგლი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის, შედარებით მცირე უნიკალური ბუნებრივი ტერიტორიებისა და იშვიათი ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული წარმონაქმნების დასაცავად.
ბუნების ძეგლი საჭიროებს ეროვნული მნიშვნელობის შედარებით მცირე ტერიტორიას, სადაც იშვიათი, უნიკალური და მაღალი ესთეტიკური მახასიათებლების მქონე კომპაქტური ეკოსისტემები, ცალკეული გეომორფოლოგიური და ჰიდროლოგიური წარმონაქმნები, მცენარეთა ცალკეული ეგზემპლარები, ცოცხალ ორგანიზმთა ნამარხი ობიექტებია წარმოდგენილი.