„წამება დანაშაულია, პროტესტი არა!“ – დიღმის იზოლატორთან დაკავებულების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ აქციებზე უკანონოდ დაკავებულებს.
2 დეკემბრის დილის მონაცემებით, შსს-ის განცხადებით, თბილისში საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით 17 და 21 წლის პირები დააკავა, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
შსს ასევე აცხადებს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაკავებულია ჯამში 224 ადამიანი.
დაკავებულთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმის წარმოება დასრულდა 74 პირის მიმართ, მათგან 36 დააჯარიმეს.
დასრულებული 74 საქმიდან, 36 ადამიანი დააჯარიმეს, 34-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
4 ადამიანს მისცეს შენიშვნა.
სხვა დაკავებულების პროცესები სასამართლოში გრძელდება.
დღეს, ამ დრომდე შსს-ს დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია აღარ გაუვრცელებია.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკად ნაცემია. დაკავებულების თქმით, მიკროავტობუსში მათ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდა, ძალადობის პროცესში სამართალდამცველები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.
განცხადების მიხედვით, ცემის პარალელურად, დაკავებულებს აფურთხებდნენ, აგინებდნენ და უყვიროდნენ. დაკავებულები იხსენებენ შემდეგ ფრაზებს: „ტ**კში გაგთხრით დუბინკას“, „შე ევროპელო, თქვენ ხო გევასებათ ტ-ში ტ****რი, გაგიკეთებთ დუბინკას უკან“.