პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის – „შინ ევროპისკენ!“ ორგანიზატორებმა აქციის მთავარი მოთხოვნები გააჟღერეს.
მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება. იქამდე კი ხელისუფლებას მოთხოვნების შესრულებისთვის ერთკვირიანი ვადა ეძლევა.
აქციის მთავარი მოთხოვნაა გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. „ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა“, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს ზამთრამდე შეასრულებს.
აქციაზე ასევე ითქვა, რომ იქამდე მივლენ ყველა უბანში, ქალაქსა თუ სოფელში რათა „დაარწმუნონ ადამიანები სად არის საქართველოს ხსნა.“
„3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალქიდან, ყველა სოფლიდან, შევუერთდებით ერთმენეთს და ავზვირთდებით თბილისში, პარლამენტის წინ და დავრჩებით აქ, არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია“,- მიმართა აქციის მონაწილეებს შოთა დიღმელაშვილმა.