წამოვიდა ისეთი სიბილწე, ჩემი ნათქვამი იმასთან შედარებით იყო ბავშვის ღუღუნი – ერეკლე კუხიანიძე

პუბლიკა

„აღმოჩნდა, რომ ჩემ წინააღმდეგ წამოსული იყო იმისთანა სიბილწე, რომ ჩემი ნათქვამი იმასთან შედარებით იყო ბავშვის ღუღუნი“, – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ „ტვ პირველთან“ .

მისი თქმით, მისი ამგვარი რეაქცია გამოიწვია იმან, რომ სახელმწიფი ყვeლაფერს აკეთებდა, ხოლო გაფრინდაშვილის ოჯახი შეტევაზე გადავიდა, რაც „ოცნებაზე“ დარტყმა იყო.

„გულისწყრომა და რეაქცია გამოიწვია იმან,  როდესაც სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა, ამ შემთხვევაში მთავრობას ვგულისხმობ,  ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს ადამიანი გამოეხსნა, ოჯახი გადავიდა ძალიან მძიმე შეტევაზე.

ვიღაცისთვის შეიძლება ეს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ მე, როგორც ამ სიტუაციებში კარგად ჩახედულi, ვხედავ, რას ნიშნავს ეს დარტყმა „ოცნებაზე“, რომელიც ისეც დასუსტებულია, რომელიც მუდმივად განიცდის სრულიად ამაზრზენ მუდმივ შეტევებს“, – განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.

კუხიანიძემ აღნიშნა, რომ მან გვიან ღამით დაწერა სტატუსი სოციალურ ქსელში, დილით კი უნდოდა შეცვლა.

„მოხდა ისე, რაც მოხდა, როგორც დავწერე, ეს მოხდა გვიან ღამით, ნუ დილისთვის სხვა იმაზე ვიყავი და რაღაცის შეცვლა მინდოდა და მერე შევცვალე კიდეც, აღმოჩნდა, რომ ჩემს წინააღმდეგ წამოსული იყო იმისთანა სიბილწე, რომ ჩემი ნათქვამი იმასთან შედარებით იყო ბავშვის ღუღუნი. ეს იყო წარმოუდგენელი, პათოლოგიური ნიაღვარი ზიზღის, გინების. ბავშვების, მშობლების გინება… ნუ საშინელება. ამიტომ მე ამას დავანებე თავი, არ შევეხე, საღამოთი უკვე პოსტი შევცვალე…“, – განაცხადა კუხიანიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას ბოდიში მოსახდელი ვაჟა გაფრინდაშვილის წინაშე, კუხიანიძემ არ უპასუხა და განაცხადა, რომ ის ვრცლად სხვა ფორმატში ისაუბრებს  ამ თემაზე. ასევე, მან სიმშვიდისკენ მოუწოდა საზოგადოებას.


საკრებულოს შენობასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის მიერ მანდატის დატოვების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ კუხიანიძის განცხადებებს აპროტესტებდნენ.

„სამოქალაქო მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოსთან ნაგვის ურნა მიიტანეს.

„ეს კაცი არის ნაგავი და ნაგვის ადგილი არის სანაგვეზე“, – თქვა ელისაშვილმა.

„რა თქმა უნდა, ეს განცხადება იყო ემოციური, არაკორექტული და შესაბამისად, მინდა, ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ასეთი განცხადებებისგან და ამგვარი განცხადებების გაკეთება, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი“, – ასე შეაფასა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს წევრის განცხადება.

საკრებულოს წევრმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ facebook-ზე დაწერა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას პროვოკაციის სუნი ასდის. კუხიანიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ ან პროვოკატორები. თქვენი დედაც“, – წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.