წამყვანი ლაშა ნაკაიძე დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და გააუპატიურა - პროკურატურა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შესახებ „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანს ლაშა ნაკაიძეს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის განცხადებით,  15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე.

პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

დაზარალებულის მომართვის საფუძველზე,სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს.

„პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. ​