წალენჯიხაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გოგა გულორდავა არჩევნებში თავის კონკურენტს, ენმ-ს წევრ გიორგი ხარჩილავას გამარჯვებას ულოცავს.
„წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ვიმედოვნებ, რომ მისი დღისწესრიგი მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს,“ – წერს გულორდავა სოციალურ ქსელში.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, დათვლილია 15 თვითმმართველი თემის უბნების 100%.
ამ მონაცემების მიხედვით, წალენჯიხაა ერთადერთი თვითმმართველი თემი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა. 14 თემში მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ.