მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის შექმნისას მოლდოვა ერთ-ერთი მოწინავე იყო ევროკავშირთან ურთიერთობაში. თუმცა, მოგვიანებით ოლიგარქიულმა მმართველობამ, კორუფციამ მოლდოვას რეპუტაცია შეულახა და სანდო პარტნიორის სტატუსი დაუკარგა. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.
სანდუს თქმით, რომელიც მოლდოვას სათავეში გასული წლის ბოლოს ჩაუდგა, ქვეყანა დაუბრუნდა დემოკრატიის გზას და ის ვალდებულია, ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებები სწრაფად შეასრულოს.
„მინდა, დავუბრუნდე აღმოსავლეთ პარტნიორობის დასაწყისს და შეგახსენოთ, რომ იმ დროს, ჩემი ქვეყანა მოლდოვა მიიჩნეოდა წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობაში და დიდი იმედები არსებობდა იმისა, რომ ქვეყანაშიც და ევროკავშირის ინსტიტუტებშიც, ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მოლდოვამ გააფორმა, ქვეყანა განვითარდებოდა და ჩამოყალიბდებოდა დემოკრატიული სისტემები მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ.
თუმცაღა, მალევე, იმ საპნის ბუშტმა, რომელიც შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში, საბანკო სისტემებში და მას მოჰყვა სხვა კრიზისები, სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა – ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია ქვეყანა და მალევე ჩემი ქვეყნის მოქალაქეები და ბრიუსელი აცნობიერებდნენ უკვე, რომ ჩვენ აღარ ვიყავით წარმატებული ქვეყანა. რეფორმები ქაღალდზე დარჩა, დისკუსია დემოკრატიის შესახებ და ანტიკორუფციული ძალისხმევის შესახებ მხოლოდ იმ ლამაზ ანგარიშებში იყო, რომლებიც ბრიუსელში იგზავნებოდა.
ქვეყანა ჩაეფლო იმ მორევში, რომელიც ჩვენ აღარ გვაძლევდა ევროკავშირთან ასოცირების შესაძლებლობის გამოყენების უფლებას. მოლდოვამ დაკარგა რეპუტაცია, ჩვენ აღარ ვიყავით სანდო პარტნიორები, აღარ მიგვიჩნევდნენ იმ ქვეყნად, რომელიც ნაკისრი ვალდებულების შემსრულებელი იყო.
ცვლილებები მოხდა ბოლო წლის განმავლობაში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად და შემდეგ ხალხმა აირჩია კარგი, დემოკრატიული მმართველობა და ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ამას ხელს უწყობს ევროკავშირი. რადგან გვაქვს ევროკავშირის ძალიან დიდი მხარდაჭერა ამ დღის წესრიგში, ახალი მთავრობა, ახალი უმრავლესობა პარლამენტში ვალდებულია, სწრაფად განახორციელოს დანაპირები.
ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით, რომ ეს გამოწვევები დავძლიოთ. პრიორიტეტის სახით უნდა აღვადგინოთ მოსახლეობის ნდობა ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ჩვენ ხალხს კვლავ უნდა დავაჯეროთ, რომ სახელმწიფო არსებობს და მუშაობს მათთვის, რათა მოვახდინოთ კონსოლიდაცია ძლიერი ინსტიტუტების“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
მაია სანდუს თქმით, მოლდოვამ მთავარი ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ უნდა მიმართოს და განამტკიცოს კანონის უზენაესობა და ამ საკითხში კი ევროკავშირის დახმარების იმედი აქვს. ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი აქვს სანდუს თავისუფალი ვაჭრობის განვითარებაშიც.
„კორუფციასთან ბრძოლას განვაგრძობთ და დაკარგული, მოპარული აქტივების დაბრუნებას შევძლებთ. კორუფცია მოლდოვის საზღვრებს სცდება. ამიტომ გვჭირდება ევროპული ინსტიტუტების დახმარება და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დახმარება.
ჩვენ მოლდოვას თუ დავაბრუნებთ დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე და თუ კვლავ გავხდებით სტაბილური, პროგნოზირებადი პარტნიორი ევროკავშირისთვის, ჩვენ მეტი წარმატება გველის ინტეგრაციის გზაზე. კარგად გვესმის, რომ მთავარი დღის წესრიგი არის ჩვენივე ქვეყანაში.
გვესმის, რომ საშინაო დავალება შესასრულებელი გვაქვს, პირობა დადებულია, ვალდებულება ნაკისრია ჩვენი ხალხისა და ევროკავშირის წინაშე. თქვენ გვეხმარებოდით წლების განმავლობაში. პოლიტიკური ვალდებულება დავდეთ და ვიკისრეთ ჩვენი მოქალაქეების სახელით“, – განაცხადა მაია სანდუმ.