წარმოდგენა არ მაქვს, პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა – გახარია რურუაზე

პუბლიკა

პრემირ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო განაჩენს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა გამჭვირვალეა და სასამართლოს განაჩენის შესახებ კომენტარს არ გააკეთებს.

„ჩემეული შეფასება არის შემდეგი: საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის გამჭვირვალე, ხო? თან ისეთი, რომ ბოლო წლების განმავლობაში აშკარად პროგრესს განიცდის.

საქართველოს სასამართლომ და მართლმსაჯულების სისტემამ გამოიტანა განაჩენი ადამიანთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე. რა თქმა უნდა, მე აქ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, უნდა მოიხადოს ეს პასუხისმგებლობა და უნდა იჯდეს, ან შემდგომ უნდა გამოვიდეს, ან რაღაც სხვა ფორმები არსებობს იურიდიული“, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება საკითხს, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ზურაბიშვილი გიორგი რურუას, პრემიერი ამბობს, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და ეს საკითხი სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია.

„შეწყალება არის სრულად პრეზიდენტის დისკრეცია. წარმოდგენა არა მაქვს, მას პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა, თუმცა ჩემთვის მართლმსაჯულების სისტემა ყველასთვის სამართლიანი უნდა იყოს და სასჯელის აღსრულება და გარდაუვალობა არის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილი, ამიტომ ადამიანმა თუ დანაშაული ჩაიდინა, იმიტომ, რომ მას ვიღაცა პოლიტმატიმარს [ეძახის] ან ტელევიზიის მფლობელია, ეს არ უნდა იყოს ალიბი, რომ დანაშაულიდან თავი აირიდოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


დღეს „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.

საქმის პროკურორი ვასილ სამხარაძე აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სწორი და წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიღებული, დაცვის მხარე კი ამბობს, რომ საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არსებობდა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებდა. გიორგი რურუას ადვოკატები პირველი ინსტანციის განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ოპოზიციონერების ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც უსამართლოს და დაუსაბუთებელს, ზოგადად სამართლის სისტემას კი „მონსტრებისა და ჩმორების კორპორაციად“ მოიხსენიებს. „ოცნების“ ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება არის 8 მარტის შეთანხმების დარღვევა: „რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურად განხორციელებული მართლმსაჯულების თაობაზე ქვეყანაში და ამას უპასუხეს დღეს გიორგი რურუას დაპატიმრებით  – კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი შეემატა ჩვენს ქვეყანას“, – ამბობს სამადაშვილი.


გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

რურუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ, პოლიტიკური დევნის საფუძველზე, მას იარაღი ჩაუდეს.