„წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი მიდის სირიაში აღლუმზე დასასწრებად“ - კობახიძე ვიზიტებზე თანხმობის აუცილებლობას ასაბუთებს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების დასაბუთებისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტებზე მთავრობის თანხმობის პრაქტიკა აუცილებელია.

კობახიძემ ამის მაგალითად მოიყვანა, რომ შესაძლოა, პრეზიდენტი ვიზიტით წავიდეს სირიაში, რომელსაც აღიარებული აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა ან ნიკარაგუაში. მისი თქმით, პრეზიდენტი ამ გზით გამოხატავს სახელმწიფოს პოზიციას.

„ნებისმიერი ასეთი ვიზიტი საჭიროებს თანხმობას. უხეში მაგალითებიც შეგვიძლია მოვიყვანოთ, რაც ცხადად ადასტურებს, რომ ეს პრაქტიკა არის აუცილებელი და გამომდინარეობს სწორედ კონსტიტუციური განაწესიდან.

მაგალითად, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ პრეზიდენტი მიდის პირობითად, არ ვიცი, სირიაში, რომელსაც აღიარებული აქვს აფხაზეთი და ე.წ. დამოუკიდებლობა სამხრეთ ოსეთის. მიდის სირიაში აღლუმზე დასასწრებად. ან ნიკარაგუაში, ან რომელიმე ასეთ ქვეყანაში.

ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მოლაპარაკებების წარმოებას, მაგრამ ეს ხომ თავისთავად ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი გამოხატავს სახელმწიფოს პოლიტიკურ პოზიციას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერ ასეთ ვიზიტზე პრეზიდენტმა მიიღოს თანხმობა საქართველოს მთავრობისგან.

ანუ აქ საუბარია არა მხოლოდ ისეთ ვიზიტებზე, სადაც მოლაპარაკებები წარმოებს და დავუშვათ იგივე ხელშეკრულებების დადებაა მიზანი ან კანდიდატის სტატუსის მიღება და ასე შემდეგ. ნებისმიერ ცერემონიულ ღონისძიებაზე დასწრებით საქართველოს პრეზიდენტი გამოხატავს საქართველოს სახელმწიფოს პოზიციას და ეს არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, ნებისმიერი ასეთი ვიზიტი.

შესაბამისად, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში არის საჭირო მთავრობის თანხმობა. ეს გაცნობიერებული ჰქონდა პრეზიდენტს და სწორედ ამის გამო მიმართავდა მთავრობას თანხმობის მისაღებად და ნუ, რაღაც მომენტში მან უკვე გადაუხვია ამ პრაქტიკას. უფრო სწორედ არ გადაუხვევია, ითხოვა თანხმობა, ვერ მიიღო თანხმობა და მაინც განახორციელა ვიზიტი.

ასევე იყო კიდევ უფრო თვალსაჩინო მაგალითი – ევროპული თამაშების გახნსა ბელორუსის დედაქალაქ მინსკში – სპორტული ღონისძიებაა, დაკრძალვა კიდევ უფრო პოლიტიკურია, ასევე ფიბას კალათბურთის ჩემპიონატი, წმინდად სპორტული ღონისძიება იყო, არავითარი სახელმწიფოს პოზიცია, მაგრამ აქაც ითხოვა თანხმობა, მიიღო და წავიდა. კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ნებისმიერი ასეთი ვიზიტი საჭიროებდა თანხმობას“, – განაცხადა კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლო ამ წუთებში განიხილავს საკონსტიტუციო წარდგინებას პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.

„ოცნებამ“ იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ვიზიტები ევროპაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გამართა.