ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მას ჰკითხეს „გოგელიას კლინიკაში“ მომხდარ ფაქტზე, სადაც მოქალაქეები გრიპის ვაქცინის ნაცვლად, სავარუდოდ, C ვიტამინით აცრეს.
მაია ბუწაშვილის თქმით, ეს წარმოუდგენელი შემთხვევაა, მაგრამ რაკი ერთხელ უკვე მოხდა, რისკი არსებობს, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ რამე ბერკეტი უნდა შეიმუშაოს.
„ეს არის, უბრალოდ, თაღლითობა. ძნელია საერთოდ ამაზე კომენტარის გაკეთება. ალბათ, საერთოდ წარმოუდგენელია, რომ რომელიმე სამედიცინო დაწესებულება და ჯანდაცვის მუშაკი ამას იკადრებადა და ამაზე წავიდოდა.
არ ვიცი, ჯანდაცვის სამინისტრომ, რადგან დადგა ამის საჭიროება, რამე ბერკეტი უნდა შეიმუშაოს, რომ სპონტანურად სხვადასხვა კლინიკა შეამოწმოს და ნახონ, რა მასალით ცრიან პაციენტებს.
ცოტა ხნის წინ, ალბათ, ვერც წარმოვიდგენდით, მაგრამ რადგანაც ერთი შემთხვევა მოხდა და პრეცედენტი არის, გამოდის, რომ რისკი არსებობს“, – ამბობს მაია ბუწაშვილი.
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე „გოგელიას კლინიკაში“ გრიპის ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ, C ვიტამინის გამოყენების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.
სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაალ კაპანაძემ განაცხადა, რომ კლინიკას იმუნიზაციის ნებართვა არ ჰქონდა, ექიმი კი, რომელმაც მოქალაქეებს ე.წ. ვაქცინაცია ჩაუტარა, ერთი წლის წინ გაყალბებული სერტიფიკატით საქმიანობდა და ამის გამო პირობითი სასჯელიც ჰქონდა.