„ეს დამოკიდებულება, რომ აი მაგალითად შეიძლება რეგიონში სოფელში ფლობდე, მიწის ნაკვეთებს გქონდეს, მაგრამ საცხოვრებელი სახით თბილისში არ გქონდეს ბინა და გადავწყვიტო ჩამოხვიდე დედაქალაქში და სახელმწიფო თუ მუნიციპალიტეტის მიწა მიიტაცო და იქ განახორციელო მშენებლობა”.
თბილისის მერი და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე ძალადობრივი გამოსახლების პროცესს საგანგებო ლაივ ჩართვით ეხმაურება.
“გახსოვთ ალბათ, როდესაც თბილისის მერიამ გაამკაცრა ზომები მიტაცებულ მიწებზე, ამბობს იგი”.
“ნუ, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება და მემგონი ყველა ვთანხმდებით ამაში. ცხადია, არავის ვუპირისპირდები, მაგრამ არც არავის მივცემ უფლებას, ფეხქვეშ გათელოს მუნიციპალიტეტის ინტერესები და უწყების იმიჯი” – ამბობს იგი.
რაც შეეხება თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების პროცესსს, იგი ამბობს, რომ “ამ ტერიტორიაზე აღრიცხულია უკანონოდ შეჭრილი 200-ზე მეტი პირი, მათგან 58 მოქალაქეს გააჩნია დევნილის სტატუსი და უმეტესობა უკვე დაკმაყოფილებულია სახელმწიფოსგან. დანარჩენებზე კი მიმდინარეობს შესაბამისი პროცესის შესაბამისი უწყებების მხრიდან”.
“როგორც უკვე გითხარით მხოლოდ 9 პირს აქვს თბილისში რეგისტრაცია და შესაბამისად შეთავაზება ჩვენგან ქირით უზრუნველყოფაზე უკვე გაკეთებულია” – ამბობს კალაძე.
თვალჭრელიძის ქუჩაზე დღეს დილიდან პოლიცია მივიდა და მოქალაქეებს ასახლებს. მათ შორის არიან დევნილები და ბავშვიანი ოჯახები. თვალჭრელიძის ქუჩაზე მთელი დღეა, დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.
მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკებისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დილით ერთ-ერთი დაპირისპირებისას, 4 პირი დააკავეს – შსს-ს ცნობით, ოთხივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. „პუბლიკის“ რეპორტიორის ცნობით, მოქალაქეები რამდენიმე წუთის წინ, სავარაუდოდ, ისევ დააკავეს.