„წავიდა მედვედევი, წასულია“, – ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მედვედევის გვერდზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ შეკითხვას.
დღეს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში გავრცელდა ტექსტი, რომელშიც მედვედევი წერდა, რომ საქართველო, როგორც ასეთი, 1801 წლისთვის არ არსებობდა და ის რუსული იმპერიის ქვეშ შეიქმნა. ყაზახეთი კი ხელოვნური სახელმწიფოა.
მედვედევის პოსტი გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა და მის შესახებ ფართო საზოგადოებამ მხოლოდ პოსტის „სქრინშოთის“ გავრცელების შემდეგ გაიგო. მედვედევის თანაშემწე კი ამტკიცებს, რომ გვერდი გატეხილი იყო. ამის შესახებ მან პროკრემლისტურ რუსულ გამოცემებთან განაცხადა.