წელს აფხაზეთის რეგიონში 4 მილიონ ლარამდე ღირებულების დახმარება შევიდა – ახვლედიანი

პუბლიკა

„ჩვენი ხელშეწყობით შექმნილი სტატუს-ნეიტრალური საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, წელს აფხაზეთის რეგიონში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების 4 მილიონ ლარამდე ღირებულების დახმარება შევიდა“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ანგარიშის წარდგენისას.

„გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგი და ნდობის აღდგენა, შერიგების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტებია. სწორედ ამიტომ, მზად ვართ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული არაფორმალური დიალოგისა და თანამშრომლობის გაფართოებისთვის, დეპოლიტიზებული მიდგომებით და მოსახლეობის საკეთილდღეოდ, სხვადასხვა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხების განსახილველად. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ, გარკვეულწილად, შეაფერხა ქვეყნის გარეთ ნდობის აღდგენისკენ მიმართული შეხვედრები. აღსანიშნავია აფხაზურ საზოგადოებასთან მიმდინარე არაფორმალური კომუნიკაციის უახლესი წარმატებული მაგალითები და საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გზით დაგროვილი დადებითი გამოცდილება.

ამგვარი დიალოგითა და კონსტრუქციული მიდგომით სექტემბერში მოხერხდა აფხაზეთის რეგიონიდან 1000-ზე მეტი სტუდენტის, მოსწავლისა და მათი ოჯახის წევრების ორგანიზებულად გადმოყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლის გასაგრძელებლად“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, 2013 წელს შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში გრძელდება ერთიანი სამთავრობო ძალისხმევა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვისა თუ საგანმანთლებლო პროგრამების ფარგლებში.

შედეგად, ახვლედიანის განმარტებით, გათბობით უზრუნველყოფილია 14 000 ოჯახი, გაზიფიცირებულია დამატებით 12 სოფელი და ჯამში გაზი მიეწოდება 74 სოფელს. განხორციელდა 50 მლნ. ლარის ღირებულების 21 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი, დასრულდა დაგეგმილი წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის 4 მასშტაბური პროექტი, განხორციელდა 30 სკოლის შენობის რეაბილიტაცია. უმაღლესში სწავლა დაუფინანსდა 2500-მდე სტუდენტს.

„მოსახლეობისთვის დამატებით შეღავათებს უკავშირდება, წელს 21 სოფლისთვის მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭება, ასევე მიწების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც უკვე ათეულობით ათასს მიწის ნაკვეთს შეეხო. კამპანიური სახე ჰქონდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით მოსახლეობის სოციალურ მხარდაჭერას გამყოფი ხაზების ყველა რეგიონში, რომლის ფარგლებში შევძელით, მოგვეცვა კონფლიქტით დაზარალებული 116-ვე სოფლის მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი 2100-ზე მეტი ოჯახი და ობოლი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების 1000-მდე ოჯახი“ – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა“, – განაცხადა ახვლედიანმა.